Thursday, December 20, 2018

ედიშერ ჭელიძე - ხატთაყვანისცემის შესახებ

VII მსოფლიო საეკლესიო კრების, წმ. იოანე დამასკელისა და წმ. თეოდორე სტუდიელის სწავლებათა მიხედვით
მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"

ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, აგრეთვე დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 1128-1208 გვერდებზე

დოგმატი თაყვანისცემის არსისა და მის სახეთა შესახებ მთელი სისავსით განიმარტა მაშინ, როდესაც ხატმებრძოლობის ერესი აღიძრა. ამ მხრივ შეუძრავი სწავლებანი და რჯულდებანი გადმოსცა ყოვლადმსოფლიო მეშვიდე საეკლესიო კრებამ, რომლის მონაწილე ღმერთშემოსილმა მამებმა, პირველ რიგში, სწორედ ის ივალდებულეს, რომ ზედმიწევნით განესაზღვრათ ღვთისადმი თაყვანისცემისა და განღმრთობილი ქმნილებებისადმი თაყვანისცემის ჭეშმარიტი შინაარსი და ფორმა.

კერძოდ, ურყევად დადგინდა, რომ ღვთისადმი ჩვენს თაყვანისცემას გამოვხატავთ მსახურებითად ანუ აბსოლუტურად (ლატრევტიკულად), ხოლო ქმნილებებისადმი - პატივისცემითად ანუ შეფარდებითად (სქეტიკურად).

ედიშერ ჭელიძე - VI მს. საეკლესიო კრების სინოდალური განჩინება და მეცნიერთა შეფასებანი პეტრე იბერის შესახებ

დავიმოწმებთ მეექვსე მსოფლიო კრების სინოდალურ განჩინებას:

"ამრიგად, სამარადჟამო ანათემასა და შეჩვენებაში იყოს წმინდა და თანაარსი და თაყვანსაცემი სამების, - მამის, და ძის, და სულიწმინდის, - მიერ: პირველად სიმონ მოგვი, ... მის შემდეგ, აგრეთვე, კლეობიოსი, მენანდრე, ... ევტიქი, დიოსკორე - ევტიქის დამცველი და თანამოსაჯული, ბარსუმა, ზოორა, ტიმოთე, "კატად" წოდებული, პეტრე მონგოსი და აკაკი, რომლებმაც ზენონის "კენოტიკონი"1 იხელოვნეს, ... პეტრე მკაწვრელი, რომელმაც სამწმიდაობის ლოცვისადმი ჯვრის დართვა გაბედა, სხვა პეტრე, იბერიელი და გონება-ველური წყლული (Πέτρος ἕτερος τὸ Ἰβηρικὸν καὶ φρενοβάρβαρον2 μίασμα3)".

ამგვარად, სრულიად ნათელია, რომ მეექვსე მსოფლიო კრება, უცხადებს რა სამარადჟამო ანათემას პეტრე იბერს, სახელდებს მას "იბერიელ და გონება-ველურ წყლულად" (ბერძნ. Πέτρος ἕτερος τὸ Ἰβηρικὸν καὶ φρενοβάρβαρον μίασμα, ლათ. Petrus alter, Ibericum, et barbarae mentis contagium, ინგლ. another Peter, the defilement of Iberia of barbarian mind, რუს. другой Петр, иверийская безсмысленная зараза). კვლავ ხაზს გავუსვამთ (იხ. შესაბამისი სქოლიო), რომ ტერმინ "გონება-ველურის" ბერძნ. ეკვივალენტი φρενοβάρβαρον  (კალკირებულად "გონება-ბარბაროსული") წმ. სოფრონის მიერ შეიქმნა კონკრეტულად პეტრე იბერისადმი მიკუთვნებულობის მიზანდასახულობით, ვინაიდან აღნიშნული ტერმინის სხვა დამოწმება არ არსებობს, ანუ ესაა საკუთრივ პეტრე იბერის მწვალებლურობის გამომსახველი სახელდებითი ნეოლოგიზმი, ისევე როგორც, მაგალითად, პეტრე III ალექსანდრიელისათვის "მონგოსი", პეტრე ანტიოქიელისთვის "ფულონი", ტიმოთე II ალექსანდრიელისთვის "ელური" და მისთ.