Tuesday, March 12, 2019

საეკლესიო ტერმინოლოგია როგორც ზნეობრივი მონაცემი

57-58


ბოლო საუბრისას ჩვენ განვიხილავდით საკითხს ენის ფენომენის შესახებ. ვეხებოდით თავდაპირველ მდგომარეობას ადამიანისას სამოთხეში. შემდგ, როდესაც ცოდვით დაეცა ადამიანი, ენობრივი კუთხითაც ეს დაცემა, რა თქმა უნდა, სახეზეა. თუ დავდაპირველი შინაგანი სიტყვა, გონებითი გაზრახება ნიშანდობლივი იყო ადამიანის სულიერი მეტყველებისთვის, მსგავსად ანგელოზური მეტყველებისა, ცოდვით დაცემამ მეტყველებასაც გარეგანი, მატერიალური შესამოსელი შესძინა და ისევე როგორც ადამიანი ტყავის სამოსელით დაიფარა და ეკლესიის მამათა განმარტებით ტყავის სამოსელი აქ სიმბოლო მატერიალურობისა, მოკვდავობისა, დაშლადობის მქონე ნივთიერებისა, ამგვარადვე ენამაც მატერიალური სამოსელი მიიღო და სიტყვა შინაგანი გახდა სიტყვა წარმოთქმული, ანუ სიტყვა ხმოვანი. კვლავ გავიხსენებთ პეტრიწის თარგმანს ამ შემთხვევაში ჩვენთვის ნიშანდობლივს: სიტყვა გარემოსილი, ანუ მატერიალური სამოსელით დაფარული. სულიერი აზრის ამგვარად დაფარვით მატერიალურმა სამოსელმა ენას შესაძლებლობა მისცა ამ დაცემულ მდგომარეობაში კაცობრიობის შემაკავშირებელი ყველაზე მნიშვნელოვანი საურთიერთობო საშუალება გამხდარიყო.