Thursday, February 14, 2019

წმიდა იუსტინე მარტვილი - სიტყვა ელინთა მიმართ

1. ნუ იფიქრებთ კაცნო ელინნო, თითქოს უგუნურად და განუსჯელად განვეშორე თქვენს ადათ-წესებს. ვერარა ვპოვე მათში წმიდა და ღვთისათვის სათნო, რადგანაც იმ თქვენს პოეტთა თხზულებები სიცოფესა და სიბილწეს იმარხავს. თუნდაც რომ თქვენს შორის უმეტესად წარჩინებულსა და განსწავლულს მიმართოს ვინმემ, კაცთა შორის უსაცოდავესი აღმოჩნდება იგი. ამბობენ, რომ უპირველესად აგამემნონმა გაწირა მსხვერპლად თავისი ასული, ხოლო შეეწეოდა მას ძმის მეტისმეტი გარყვნილება, ცოფი და აულაგმავი გულისთქმა. იმავე აგამემნონმა მთელი ელადა შეძრა, რომ გამოეხსნა კეთროვანი მწყემსის მიერ მოტაცებული ელენე. როდესაც ომი შეწყდა და ტყვეები წაასხეს, აგამემნონმა ჯერ დაატყვევა ქრიზეიდა, შემდეგ კი ბრიზეიდას გამო მტრად მოეკიდა იგი თეტიდას ძეს. თვით პელიდმა ნახტომით წიაღვლო მდინარე, ტროა დაამხო და სძლია ჰექტორს, ხოლო პოლიქსენე, თქვენი გმირი, რომელიც მონა იყო, მკვდარი ამაზონის მიერ იძლია, შემდეგ კი ღვთივშემზადებულ საჭურველთაგან განძარცვული და საქორწინო სამოსით მორთული სასიყვარულო მსხვერპლად შეიწირა აპოლონის ტაძარში. ითაკელი ლაერტის ძემ ბოროტებით მოიხვეჭა სახელი. არ იყო მასში კეთილი ზრახვა. ეს გაცხადდა სწორედ მაშინ, როდესაც გემით ჩაუარა ძან სირენების კუნძულს და ყურები დაიცო, რადგანაც აღარ ძალუძდა მათი სმენა. თელამონიდი აიანტი, რომელიც შვიდტყავიან საკს ატარებდა, და რომელიც დამარცხდა ოდისევსის საჭუირველთათვის ამტყდარ ჩხუბში, ამის გამო ცოფმა შეიპყრო.

თეოფილე ანტიოქიელი - ავტოლიკესადმი

წიგნი III

1. თეოფილე ავტოლიკეს მოვიკითხავ[1]! ისევე, როგორც სხვა მწერლები, რომლებიც ფუჭი დიდებისათვის მრავალი წიგნის დაწერას ესწრაფვიან და ხან ღმერთების, ხან ომების, ხან კიდევ ჟამთა შესახებ გვაუწყებენ, ხანაც უსარგებლო თქმულებებსა თუ რაღაც მსგავს სისულელეებს გადმოგვცემენ, დღემდე ამასვე ეშურები შენც და უყოყმანოდ თავს იდებ ამგვარ შრომას, ჩვენთან შეხვედრის ჟამს და უგუნურებად რაცხ ჭეშმარიტების სიტყვას და თვლი, რომ ჩვენეული წიგნები ახალია და არა ძველი. სწორედ ამიტომ არ დავაყოვნებ და როგორც ღმერთი მომმადლებს, გაუწყებ ჩვენი წერილის სიძველის შესახებ, გაუწყებ ზოგადი და მოკლე განმარტების სახით, რომ დიდად არ გაგსარჯო, მაგრამ ისე კი მოხდეს, რომ შეიცნო ფუჭსიტყვაობა სხვა წიგნისა.