Monday, February 18, 2019

იოანე მონაზონი[1] - მცირე სჯულის კანონი[2]

ზესთასახიერი და ჭეშმარიტი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს საღვთო, ყოვლადკეთილი და სანატრელი სიტკბოება ყოვლითურთ, ყოველმხრივ და ყოველგვარად ავლენს ქველმოქმედებას ჩვენზე საკუთარი სიკეთის შესაბამისად და აღასრულებს ჩვენს ყველა ნებას. ამიტომ, ჩვენც გვმართებს, მცირედით მაინც შევიცნოთ საკუთარი თავი და თუმცა სხვა რამ სარგებლობის მოტანა არ ძალგვიძს, ის მაინც განვიზრახოთ და, უფრო კი, ვამჯობინოთ, რომ ჩვენს ლოცვაში აღმოვიქადაგებდეთ მისი სიდიადის დიდებულებას და გავაცხადებდეთ მისსავე უდიდეს ქველმოქმედებას, რაც კი ურჩეულესად ქმნილა ჩვენდამი, ხოლო ყველაფერზე წინ, ყველაფრითურთ და ყველაფერთან ერთად - ჩვენი მრავალი და შეუთანასწორებელი შეცოდებების ნაირსახეობისა და ნაირფერობის მრავალგვარ განზრახულობათა ენითუთქმელ დათმენას მისგან, ანუ მის სულგრძელებასა და ზეაღმატებულ კაცთმოყვარეობას კაცთმოყვარეობაში [3], აგრეთვე სიყვარულსა და გულმოწყალებას, რადგან რაც უფრო უკეთურნი ვხდებოდით ჩვენ თაობიდან თაობამდე და რაც მეტად გვებრძოდა ბოროტების მანქანება და გემოთმოყვარეობა, იმდენად მეტად უგულმოწყალესი, ულმობიერესი და ძვირუხსენებელი ჩნდებოდა ჩვენს წინაშე (და იყო კიდეც ამგვარი) ის, ვინც არის ყოველთა მიმართ კეთილი ღმერთი ჩვენი, რომელიც ბუნებითვე ჭეშმარიტად კეთილია დასაბამიდან.