Sunday, December 30, 2018

ედიშერ ჭელიძე - ანგელოზთა იერარქიის შესახებ

ერთ-ერთი სქოლიო, დართული წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაზე


წმინდანის ანგელოზთა დასში შერაცხვა და ზეციურ საკურთხეველთან მარადიული მსახურების ღირსად მისი გახდომა აღძრავდა ინტერესს იმის შესახებაც, თუ რომელი მოღვაწე კონკრეტულად რომელ ანგელოზურ დასში იმკვიდრებდა ადგილს. წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში გრიგოლის აღსასრულის აღწერისას თქმულია, რომ იგი "მონაზონთა ერისთავის" ანტონი დიდის დასში იქნა განწესებული ("ყოველთა მართალთა შორის დასსა მას მონაზონთა ერისთავისა მამისა ჩუენისა დიდისა ანტონისსა ნათელსა შინა დაუღამებელსა", თ. 84), მაგრამ თუ რომელ ანგელოზურ დასში მკვიდრობდა თვით ანტონი დიდი, ანუ, საზოგადოდ, სხვა ღირსეული ბერ-მონაზვნები, ამის შესახებ პირად თვალსაზრისს ვხვდებით წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფესთან, ნიკიტა სტითატთან.

ედიშერ ჭელიძე – დოგმატი და იკონომია

ეკლესიის მამათა მოღვაწეობა, როგორც ამას მკაფიოდ წარმოაჩენს საეკლესიო ისტორია, ყველა ეპოქაში განისაზღვრებოდა და განისაზღვრება ორი ნიშანთვისებით. ესენია: დოგმატი და იკონომია, რომელთაგან პირველი, დოგმატური მოღვაწეობა, გულისხმობს ღვთივბოძებული უცთომელი და შეუძრავი სწავლების დამკვიდრებას კაცობრიობაში როგორც კაცობრიობის გადარჩენის, მისი ცხონების, ცოდვისგან მისი გათავისუფლების ერთადერთ საფუძველს, ხოლო მეორე, იკონომია, პრაქტიკაში თავისი გამოვლენის მასშტაბით შთამბეჭდავად ადასტურებს, რომ ეკლესია არა მხოლოდ მკაცრი მამხილებელია, არათუ დაუყოვნებლივ მომკვეთელია უკეთურებისა და ამ უკეთურების ნებსით დამონებული ადამიანებისა, არამედ იგი, ამავე დროს, ბუნებითი პედაგოგია, აღმზრდელია, მშობლისებრ დამმოძღვრელია.

ეკლესია, როგორც მართლმკვეთელი, დოგმატიკოსია, ეკლესია, როგორც პედაგოგი, სულთა დიდი იკონომოსია, თუმცა თვით ამ იკონომოსობის მიზანდასახულობაც მხოლოდდამხოლოდ იმავე უცთომელი დოგმატიკის, როგორც გადარჩენის ანუ ცხონების ერთადერთი წესის, დანერგვაა კაცობრიობაში. ამიტომაა, რომ ეკლესია, რომელიც ცოდვას ვერ შეურიგდება, მყისიერად ამხილებს მას, მაგრამ იგივე ეკლესია ცოდვილს, ცოდვას დამონებულ ადამიანს მყისიერად როდი მოიკვეთს. პირიქით, იგი მიმართავს დიდ გარჯილობას, ავლენს განსაკუთრებულ პედაგოგიურ დამოკიდებულებას ცოდვილისადმი და, ვითარებიდან გამომდინარე, იჩენს ჭეშმარიტად მომობრივ ლმობიერებას, რომ ცთომილების ტალღებში შთანთქმადნი თანდათანობით გამოარიდოს წარწყმედის მორევს.