Sunday, December 23, 2018

ედიშერ ჭელიძე - მართლმადიდებლური ხატმეტყველება

ადამიანი - ძეობილი ღვთისა, ხატი ძეღმერთისა

ახლა შევეხოთ ხატოვნებასთან დაკავშირებულ მეორე საკითხს: ადამიანის შექმნას ღვთის ხატად (შეს. 1. 26-27).

როგორც ჩვენს ბროშურაში აღვნიშნავდით, ტერმინ ხატის ორმნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, ადამიანის ღვთისადმი ხატოვნება ორი ასპექტით წარმოჩნდება: (I) ადამიანი, კაცობრივი ბუნება შექმნილია ერთარსება ღვთის ხატად; (II) ამავე დროს, ადამიანი, როგორც მადლით ქმნილი ძე ღვთისა, ხატოვნებითად აღბეჭდავს თავის თავში მეორე ჰიპოსტასის ბუნებით ძეობას მამისადმი და, ამ თვისების (ძეობილობის) მხრივ, ადამიანის ჰიპოსტასურ არქეტიპად ანუ პირმშოხატად საეკლესიო მოძღვრების მიერ ითქმის საკუთრივ ძე ღმერთი, რომლის ბუნებითი ძეობის ხატად მადლით შეიქმნა იგი. ძე ღმერთის, როგორც არქეტიპის ანუ პირმშოხატის გზით ადამიანი მამის შეცნობამდე მაღლდება. ადამიანის ძეობა და ხატოვნება ერთარსება ღვთისადმი და მისი ძეობითი ხატოვნება პიროვნულად ძე ღმერთისადმი აღდგენილ იქნა ქრისტიანებში მაცხოვრის მოსვლის გზით.

ედიშერ ჭელიძე - მართლმადიდებლური ხატმეტყველება

ადამიანი - ღვთის ხატი და მსგავსება

"შესაქმის" წიგნის მიხედვით, ადამიანის შექმნისას ღმერთი ამბობს: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ" (1.27).

ზემოთ არაერთგზის შევხებივართ ღვთისადმი ადამიანის ხატებას და მსგავსებას. ამჯერად ყურადღებას მივაქცევთ ამ ორი ცნების ურთიერთმიმართებაზე.

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობს ჩვენი ოპონენტიც, რომელიც, ჩვეულებისამებრ, ჯერ კითხვას სხვამს:

"ახლა გავარკვიოთ, არის თუ არა ადამიანში ღმრთის ხატებასა და მსგავსებას შორის განსხვავება?"

იმგვარი რიხითაა თქმული "ახლა გავარკვიოთ", თითქოს მართლაც გრ. რუხაძე "არკვევდეს" რასმე. სინამდვილეში, ზემოციტირებულ შეკითხვას მოდევნებული ერთფურცლიანი მსჯელობა სხვა არაფერია, თუ არა მიტროპოლიტ მაკარის "დოგმატური ღვთისმეტყველების" შესაბამისი ადგილის (გვ. 456-458) უხეირო გადმონაწერი.