Tuesday, December 25, 2018

ედიშერ ჭელიძე - ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობის შესახებ

საკითხი ქართლის ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის შესახებ უფლის განგების საიდუმლოა და კაცობრივ გონებას არ ძალუძს მისი წვდომა; თუმცა მაინც შესაძლებელია გარკვეული მსჯელობა და სარწმუნო დასკვნების გაკეთება.

ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობის შესახებ გადმოცემა გვხვდება არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის წიაღში. ამ ფაქტის შესახებ წერს წმინდა დიმიტრი როსტოველიც, რომ იბერია, რომელსაც საქართველოსაც უწოდებენ, არის წილხვედრი ყოვლადუხრწნელი ღვთის-დედისა, რომელსაც, ღვთის განსაკუთრებული ნებით, წილად ხვდა მახარებლობა ქრისტეს სახარებისა ამ ქვეყანაში და რომ ცნობა ამის შესახებ შემონახულია დღემდე იბერიულ და ასევე მთელს აღმოსავლურ მართლმადიდებელ ეკლესიაში.

ედიშერ ჭელიძე - იაკობ გოგებაშვილის წმინდანად კანონიზების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით

იაკობ გოგებაშვილი, ყველა ქართველისთვის ახლობელი სახელი, იშვიათი პატივითაა შემკობილი. მისმა მთავარმა ნაშრომმა, ”დედაენამ”, დროის გამოცდას მეტნაკლებად გაუძლო და დღესაც რჩება ღირსეულ ძეგლად. მეტიც, ეს ძეგლი, მცირედით რედაქტირებული, ხელმეორედ იმკვიდრებს ადგილს ქართულ სკოლებში.

აღნიშნულის მიუხედავად, კვლავაც გვიწევს აუცილებელი და მკვეთრი ხაზგასმა იმაზე, რომ ამა თუ იმ პიროვნების წმინდანად კანონიზება მართლმადიდებელ ეკლესიაში, თვით კანონიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ცალკე განსახილველი საკითხია და განეკუთვნება უცვალებელი დოგმატიკის სფეროს, რაზეც გავლენას ვერ ახდენს მოღვაწის საერო სახელგანთქმულობა, თუ ამ სახელგანთქმულობას წინ არ უძღვის და ყოვლითურთ არ მსჭვალავს მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სავალდებულო ცხოვრების წესი, იგივე ცხონების წესი, რაც, გავიმეორებთ, ასე ფორმულირდება:

მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიზებული წმინდანი, უპირველესად და უმთავრესად, ნიმუში უნდა იყოს (და ყველა შემთხვევაში ასეა) ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი უზაკველობისა, მოღვაწეობითი თვითმარტვილობისა, დოგმატური უცთომელობისა, საკვირველთმოქმედებითი ღვთივმიმადლებულობისა და მართლმადიდებლური აღმსარებლობისადმი სრული თავდადებისა.

ედიშერ ჭელიძე - აკაკი წერეთლის წმინდანად კანონიზების შესახებ

აკაკი წერეთელი უდიდესი საერო მოღვაწეა. მადლიერმა ქართველმა ხალხმა არაერთგზის მხურვალედ გამოხატა თავისი განსაკუთრებული პატივისცემა პოეტისადმი და, დამსახურებისამებრ, მიაგო მას ყველა სახის უაღმატებულესი პატივი, რაც კი საერო მოღვაწეთაგანს ვისმე სააქაოში წილად ხვდომია.

აღნიშნულის მიუხედავად, აკაკი წერეთლის წმინდანად კანონიზება მართლმადიდებელ ეკლესიაში, თვით კანონიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ცალკე განსახილველი საკითხია და განეკუთვნება უცვალებელი დოგმატიკის სფეროს, რაზეც გავლენას ვერ ახდენს ვერც პიროვნების საერო სახელგანთქმულობა, ვერც ავტორიტეტის მქონე პერსონათა პირადი გუნება-განწყობანი.

დოგმატური საზომი არის ერთი:

მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიზებული წმინდანი, უპირველესად, ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი უზაკველობისა და მართლმადიდებლური აღმსარებლობისადმი თავდადების ნიშნით უნდა ხასიათდებოდეს და არა მარტოოდენ პატრიოტულ თუ საქველმოქმედო საქმეთა სიმრავლით, რაც, ცხადია, უცხო არ არის არც სხვა რელიგიური მრწამსის მქონე პიროვნებებისთვის ან თუნდაც ათეისტთათვის. ამასთან, ამათუიმ პირთან დაკავშირებით როდესაც, ვთქვათ, ასი ფაქტიდან ოთხმოცდაცხრამეტი მის ღირსებებზე მეტყველებს, მაგრამ ერთი ფაქტი ამის საწინააღმდეგოა, ამგვარი პირის კანონიზება არ ხდება.