Saturday, December 29, 2018

ედიშერ ჭელიძე - პეტრე იბერის თაობაზე

საკითხი პეტრე იბერის მონოფიზიტური აღმსარებლობის შესახებ იმდენად გამორკვეულია მართლმადიდებელ ეკლესიაში V ს-დანვე, იმდენად აბსოლუტურად ერთაზროვნად და ურყევადაა ეს ფაქტი დადგენილი საუკუნეების მანძილზე, რომ ამ მხრივ დღეს რაიმე სერიოზული მსჯელობის წარმოება სხვა არაფერია, თუ არა მართლმადიდებელი ეკლესიის საუკუნოვანი განჩინების ეჭვის ქვეშ დაყენება და, შესაბამისად, უკიდურესი შეურაცხყოფა ეკლესიის უცთომელობის დოგმატისა.

ესაა იმავე მასშტაბის მკრეხელობა, როგორიც იქნებოდა, ვთქვათ, დისკუსიის მოწყობა თემაზე, თუ რა აღმსარებლობისა იყო არიოზი, მართლმადიდებელი იყო ის თუ არიანელი. მართლაც, აღმსარებლობითი ცთომილების ხარისხით, პეტრე იბერის მართლმადიდებლად კანონიზების მცდელობა ტოლფასია იმისა, რომ კანონიზებულ ვყოთ არიოზი ან ნესტორი. მიუხედავად აღნიშნულისა, ვითვალისწინებთ რა შექმნილი ვითარების სიმძიმეს, არ უგულებელვყოფთ აუცილებლობას იმისას, რომ მოვიტანოთ უტყუარი ისტორიული ფაქტები პეტრე იბერის აღმსარებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, ორიენტაცია გვაქვს რა მასობრივ მკითხველზე, ამჯერად წარმოვადგენთ მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილ ქრესტომათიულ მონაცემებს ყოველგვარი მეცნიერული განხილვების გარეშე, რადგან ფაქტი თვითონ ღაღადებს ჭეშმარიტებას. თან, ფსევდობრალდებათა თავიდან ასაცილებლად, მოცემულ შემთხვევაში დავკმაყოფილდებით არსებითად მხოლოდ რუსული ციტატებით, რომ ინგლისურ-ფრანგულ-გერმანული აურაცხაელი გამოკვლევის დამოწმება მავანთათვის არ გახდეს თავის დაძვრენის საბაბი იმაზე ხაზგასმით, თითქოს ჩვენ არამართლმადიდებლურ წყაროებს ვიმოწმებთ.