Sunday, January 20, 2019

ედიშერ ჭელიძე - სახარება-ოთხთავის, როგორც "თავისუფლების რჯულის" შესახებ

ერთ-ერთი სქოლიო, დართული "სათნოებათმოყვარეობის" ქართულ თარგმანზე

წმიდა მარკოზ მონაზონი - "ამიტომ, "თავისუფლების რჯული" "საქმეთა" უწინარეს იკითხება"

წმ. მარკოზ მონაზონის ზემორე შეგონებაში ისაა ხაზგასმული, რომ "მოციქულთა საქმეების" წინ იკითხება "თავისუფლების რჯული". რა წიგნს უნდა გულისხმობდეს "თვისუფლების რჯული"? საზოგადოდ, ასკეტ მამებთან ძალიან ხშირია სიმბოლურ სახელდებათა გამოყენება. უთუოდ ასეთსავსე შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამჯერადაც. რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რომელი წიგნი უნდა ვიგულისხმოთ "თავისუფლების რჯულში", ამ მხრივ, უპირველსად ის უნდა აღვნიშნოთ, რომ მსჯელობა აშკარად ეხება საკუთრივ "ახალ აღთქმას" და "ახალი აღთქმის" შიგნით კონკრეტულად "საქმე მოციქულთას" წინმსწრებ წიგნს, ასეთი წიგნი კი არის მხოლოდ "სახარება-ოთხთავი". მართლაც, "ახალი აღთქმის" შედგენილობა, ყველა ადრეული წყაროს მიხედვით, თავში უეჭველად გულისხმობს "სახარებას", მის მომდევნოდ კი - "მოციქულთა საქმეებს". ეს ნიშნავს, რომ როდესაც ვკითხულობთ "ახალ აღთქმას", მიმდევრობითად ჯერ ვკითხულობთ "სახარებას", შემდეგ კი - "საქმეებს". ამ მოვლენაში წმ. მარკოზი ძალიან ღრმა აზრს ჭვრეტს. კერძოდ, მისი სწავლებით, "სახარება" ესაა მას მოდევნებულ "საქმეთა" გონება, ანუ ეს ნიშნავს, რომ "საქმეთა" წიგნში აღწერილია პრაქტიკული განხორციელება იმ გონითი ხედვისა, რაც მოციქულებმა მაცხოვრისგან მიიღეს და რასაც სახარება გვიცხადებს. მაშ, ცნობილი ასკეტური სწავლება "ხედვისა" და "საქმის" (ანუ "თეორიისა" და "პრაქტიკის") ურთიერთმიმართების შესახებ (რომ "ხედვა" წინმსწრებია, "საქმე" კი - მას მოდევნებული და მისი განხორციელება) წმ. მარკოზის სწავლებით ცხადდება "სახარებისა" და "მოციქულთა საქმეების" მდებარეობის მხრივაც ("სახარება" - წინმსწრები ხედვა საქმითი ღვაწლისა; "საქმე მოციქულთა" - ხედვას მოდევნებული პრაქტიკული მოღვაწეობა ანუ საქმე).