Monday, January 21, 2019

წმიდა გრიგოლ ნოსელი - სიტყვა სულიწმინდის შესახებ ანუ სულთმოფენობისათვის

[52]ყოველი დღესასწაულის შინაარსს უფრო ცისკროვანს ხდის თვით დავით წინასწარმეტყველი, რომელიც მარადჟამს, საჭიროების მიხედვით, შეაწყობს თავის მრავალშეწყობილ ქნარს.

დაე, ამავე წინასწარმეტყველმა გაგვიცისკროვნოს სულთმოფენობის ეს დიადი დღესასწაულიც, სიბრძნის სიმებზე სულიწმინდის თითით აგვიჟღეროს საგალობელი და ამ ღვთიური მელოდიით აღმოთქვას, რაც დღევანდელ მადლს ეთვისება:

„მოდით, ვილხენდეთ უფლის მიერ“ (შდრ. ფს. 94. 1).

უპირველესად, გვმართებს ვიცოდეთ, რა არის ეს მადლი, რომ შემდეგ მის შინაარსს ჯეროვნად შევუწყოთ წინასწარმეტყველების ხმა.

ამიტომ, ნება მომეცით, ყოველივე ამის შესახებ თანამიმდევრული რამ წესით, ძალისამებრ, ცხადად გაუწყოთ სათქმელი:

ღვთის შემეცნების გზას ასცდა დასაბამში კაცობრიობა. ადამიანებმა მიატოვეს ქმნილების მეუფე. ერთნი ქვეყნიერების სტიქიონებს დაემონენ შეცდომით, მეორენი დემონთა ბუნებას ეთაყვანენ, უმრავლესობას კი ღმერთად ესათნოვა კერპების ხელითქმნილი გამოსახულებაც კი, რის გამოც ბომონები, ტაძრები, იდუმალქმედებანი, მსხვერპლშეწირვები, სერტყები, სავანეები და სხვა ამგვარნი განუკუთვნეს ამ ცრუ ღმერთებს, რომ ემსახურათ მათთვის.

წმიდა გრიგოლ ნოსელი - ცხოვრება მოსესი, ანუ სათნოებისეული სრულქმნილების შესახებ

I ნაწილი

ისევე, როგორც მარულას მოყვარულები, გამარჯვების წყურვილით ავსილნი, დაუცხრომლად დაჰკიჟინებენ მათგან რჩეულ მოასპარეზეებს (რომლებიც, თავის მხრივ, არანაკლებ ეშურებიან სისწრაფეს), ზემოდან თვალს ადევნებენ ცხენთა რბოლას და, როგორც თვლიან, აგულიანებენ კიდეც მათ უმკვირცხლესი წინსწრაფვისაკენ, თვითვე ცხენებთან ერთად იჩოქებენ, მათრახის ნაცვლად კი ქნევაქნევით აშვერენ ხელებს და თუმცა მსგავსი შეძახილებითა და მიმორხევებით გამარჯვებას არაფერს ჰმატებენ, მოასპარეზეებისადმი კეთილგანწყობასა და მწველ სიყვარულს ცხადად წარმოაჩენენ, - ვფიქრობ, ასევე ვიქცევი მეც, მეგობართა და ძმათა შორის უპატიოსნესო, როდესაც სათნოების სარბიელზე საღვთო რბოლაში შენს ღირსეულ ასპარეზობას აქედან ვეხმიანები და ღვთივჩენილი საზღაურისაკენ მსუბუქი და დაუცხრომელი ხლდომით მსწრაფველს კიდევ უფრო წინ გაქეზებ, თანაც მომეტებული სისწრაფისაკენ გაგულიანებ.

როდესაც ამგვარად ვიღწვი, არათუ რაიმე პირუტყვული წადილით ვარ აღტკინებული, არამედ ვესწრაფვი მხოლოდ, რომ შეგეტკბო, როგორც ჩემს საყვარელ შვილს.

ეპისტოლეში, რომელიც ახლახან გამომიგზავნე, მთხოვდი, რაიმე რჩევა მომეცა სრულქმნილი ცხოვრების შესახებ. ამგვარი სათხოვარი უთუოდ ყურადღების ღირსია.

წმიდა გრიგოლ ნოსელი - სოფისტი ლიბანიოსისადმი1

[70]მამაპაპეული რამ ჩვეულების მიხედვით რომაელები დღესასწაულს მართავენ ზამთრის პერიოდში, როდესაც მზე ზევითა მხარეს ადის და მატებას იწყებს დღისეული ზომა. ითვლება, რომ წმინდაა თვის დასაწყისი და იბედებენ რა ისინი ამ დღის მიერ მთელ წელს, ბედნიერ შეხვედრებს, გასართობებსა და ნადიმებს აწყობენ.

რა მსურს, როდესაც ამით ვიწყებ წერილს?

ის, რომ მეც აღვასრულე ეს დღესასწაული, მათებრ შევიმკე რა ოქროთი2, რადგან ამ დღეს მომივიდა ოქრო, თუმცა არა ის ჩვეულებრივი ოქრო, რაც უყვართ ხელისუფალთ და რაც ძღვნად მიაქვთ მის მფლობელებს, - ნივთი დამამძიმებელი, უსარგებლო და უსულო, - არამედ ის, რაც ყველა სიმდიდრეზე უმაღლესია გონიერთათვის და რაც, პინდარეს თანახმად, საბოძვარია – ჭეშმარიტად უმშვენიერესი; ვამბობ შენს წერილზე და მასში [დაუნჯებულ] დიდ სიმდიდრეზე.

მოხდა ისე, რომ იმ დღეს ვეწვიე კაპადოკიელთა დედაქალაქს და შევხვდი იქ ერთერთ ჩემს ახლობელს, რომელმაც გამომიწოდა ეს ძღვენი, - ეპისტოლე, როგორც რამ ნიშანი დღესასწაულისა. გავიხარე რა ამ შემთხვევით, თანამყოფთა საერთო სარგებლობისათვის განვაწესე იგი (ეპისტოლე). ყველანი ეზიარნენ მას და დაეშურნენ, რომ თითოეულს მთლიანობაში ჰქონოდა იგი. არ დავზარალებულვარ არც მე, რადგან გაიარა რა ეპისტოლემ ყველას ხელში და გადაიბეჭდეს რა მათ [წერილის] სიტყვები, ნაწილმა – ხსოვნაში (ზედიზედ წა[71]კითხვის შედეგად), ნაწილმა კი – საწერ მასალაზე, კვლავაც ჩემს ხელში დარჩა იგი და მახარებს უფრო მეტად, ვიდრე [გაახარებდა] თვალს მრავალოქროვანი ნივთი.