Saturday, February 9, 2019

წმ. იოანე ოქროპირი (349-407) - რომაელთა მიმართ ეპისტოლის განმარტება*

ა. მიწყივ ვისმენ რა ნეტარი პავლეს ეპისტოლეთა აღმოკითხვას, - ყოველ კვირაში ორგზის, ხშირად კი სამგზის, და ოთხგზისაც, რაჟამს წმინდა მარტვილთა ხსენებას აღვასრულებთ, ერთი მხრივ, ვხარობ და ვიშვებ სულიერი საყვირით,  აღვემართები და, ჩემთვის ძვირფასი ხმის შემცნობი, სურვილით ვიწვი, ფიქრებში წარმოვისახავ რა მას თითქოსდა თანამყოფად და ვხედავ რა თანამესიტყვედ,  ამასთან, მეორე მხრივ, მწუხარება და ტკივილი მაქვს იმის გამო, რომ ყველა როდი იცნობს ამ მამაკაცს,1 რაგვარადაც ხამს იცნობდნენ, არამედ ესოდენ უმეცარნი არიან მის შესახებ მავანნი, რომ არცთუ ეპისტოლეთა რიცხვი უწყიან ჯეროვნად, ეს კი ხდება არა უსწავლელობის რამ მიზეზით, არამედ - იმისდა კვალად, რომ არ ნებავთ მათ მიწყივ სჯა-ბაასობდნენ ამ ნეტართან.

წმიდა იოანე ოქროპირი - ამაღლების შესახებ

[24]სამი უჩვეულო სასწაული, ჟამიერების დასაბამიდან უცნობი და ჩვენს ბუნებაზე აღმატებული, თანაშეიწნა და ჰგიეს დაურღვევლად და შეურყევლად, რადგან სამკეცი თოკი ადვილად არ გაწყდება. ესენია: უქორწინებელი დედის მშობიარობა, სამდღიანი ვნებისგან აღდგომა და ხორცის ცათა მიმართ ამაღლება.

უწყოდა ჟამიერებამ ბერწნი, რომლებმაც შვეს, მაგრამ - არა ქორწინებისეული კავშირის გარეშე; უწყოდა მან მკვდრები, რომლებიც გაცოცხლდნენ, მაგრამ - არა დაუსრულებელ სიცოცხლეში; უწყოდა მან წინასწარმეტყველი, რომელიც ამაღლდა, მაგრამ - თითქოსდა ცაში. სიტყვა „თითქოსდა“ აღნიშნავს ჭეშმარიტებისგან განსხვავებულს, რადგან ელიამ ადგილს ადგილი შეუნაცვლა, მაცხოვარი კი იქ ავიდა, საიდანაც ჩამოვიდა და ამას შეჰყურებდა მრავალი კაცი და ქალი, ვიდრე არ მოუძლურდა სიმაღლეს შეკერტებული მზერა. ანგელოზებიც თანაემოწმებოდნენ ამ სანახაობას და მეორედ მოსვლასაც მაუწყებლობდნენ, რადგან თქმულია: