Sunday, December 9, 2018

წმიდა ირინეოს ლიონელის (ლუგდუნელი) შესახებ

ირინეოს ლიონელი არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთისმეტყველი III ს-ისა. იგი დაიბადა დაახლოებით 140-160 წწ. სმირნაში. ევსები კესარიელმა შემოგვინახა წმ. ირინეოსის ერთი ეპისტოლის ფრაგმენტი, რომელიც გაგზავნილია რომაელი მღვდლის ფლორინუსისადმი. ეს ფრაგმენტი საყურადღებოა ბიოგრაფიული თვალსაზრისით. თავად ირინეოსის უწყებით, იგი სიჭაბუკეში ყოფილა წმ. პოლიკარპე სმირნელის ქადაგებათა მსმენელი.

ასე მიმართავს ირინეოსი ფლორინუსს:

”მე გიცნობდით თქვენ, ჯერ კიდევ ბავშვი, მცირე აზიაში პოლიკარპეს ახლოს. თქვენ მაშინ უკვე ღირსშესანიშნავი პირი იყავით საიმპერიო კარზე... მე უკეთ მახსოვს მაშინდელი მოვლენები, ვიდრე ახლადნელი ამბები... შემიძლია ვთქვა, თუ სად ჯდებოდა ნეტარი პოლიკარპე, რომ ექადაგა ჩვენთვის, ანდა როგორ შემოდიოდა და გადიოდა იგი, როგორი იყო წესი მისი ცხოვრებისა, სახე მისი სხეულისა, საუბრები ხალხის წინაშე, ანთუ როგორ მოგვითხრობდა იგი იოანესთან და უფლის სხვა თვითმხილველებთან მის თანამყოფობაზე, როგორ წარმოთქვამდა იგი მათ სიტყვებს, ანდა როგორ გადმოგვცემდა ყველაფერს იმას, რაც მას ესწავლა მათი პირიდან უფლის შესახებ, საუფლო სასწაულთა და სწავლებათა თაობაზე, ან კიდევ როგორ უთანხმებდა პოლიკარპე ყველაფერს მთლიანად საღვთო წერილს, რომელიც ესწავლა მას ცხოვრების სიტყვის თვითმხილველთაგან. იმ დროიდან, უფლისმიერი წყალობით, ხარბად ვისმენდი ამგვარ ამბებს და ვიწერდი მათ არა ქაღალდზე, არამედ ჩემს გულში, რომლებსაც ღვთის მადლით მარადჟამს ერთგულად ვიმეცნებ” (ევსები კესარიელი, საეკლ. ისტ. 5.20,5-7).

Saturday, December 8, 2018

წმიდა იუსტინე მარტვილის შესახებ

II ს-ის ბერძენ ღვთისმეტყველთა შორის ერთ-ერთი უსაჩინოესია იუსტინე მარტვილი. რომელიც დაიბადა პალესტინაში, სიქემში, ამჟამად ფლავია ნეაპოლისში, წარმართულ ოჯახში; იუსტინე თავად მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ეძიებდა იგი ჭეშმარიტებას სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლებში და როგორ ეზიარა შემდეგში ქრისტიანულ მოძღვრებას; ასე გვაუწყებს იგი: “მეც, რომელსაც მსგავსადვე მსურდა შევხვედროდი ვინმე ფილოსოფოსს, თავდაპირველად (“კატა არხას”) მივებარე ერთ სტოიკოსს და დავყავი მასთან საკმაო ხანი. მაგრამ რადგანაც ღვთის შესახებ მისგან არაფერი შემმატებია (არც თვით იცოდა რაიმე და არც საჭიროდ თვლიდა ამგვარ სწავლებას), დავტოვე იგი და სხვას მივაშურე, რომელსაც პერიპატეტიკოსად[1] უხმობდნენ, და რომელიც გამჭრიახი ჩანდა (“დრიმიუს”, პგ. VI. შვ. 477).