(ადრექრისტიანული პერიოდის ძეგლი)
უფლის მოწაფეთა ავტორობით პატივდებული შრომა „მოძღვრება თორმეტი მოციქულისა“
დღეისათვის დადგენილად ითვლება რომ ეს ძეგლი მოციქულთა ეპოქას ეკუთვნის და
წარმოადგენს გარდამავალ საფეხურს „ახალი აღთქმიდან“ აპოსტოლურ მამებამდე.
საეკლესიო მამათაგან „დიდაქეს“ ერთ-ერთი უადრესი გამოყენება გვაქვს წმ. იუსტინე მარტვილთან (II საუკუნის შუა წლები) მის „პირველ აპოლოგიაში“, შემდეგ წმ. თეოფილე ანტიოქიელთან (II საუკუნის II ნახევარი) მის შრომაში „ავტოლიკესადმი“. განსაკუთრებით საინტერესოა ცნობილი ღვთისმეტყველის კლიმენტი ალექსანდრიელის (II –III საუკუნეები) დამოწმება, რადგან ეს უკანასკნელი „დიდაქეს“ სახელდებს „წერილად“, ანუ ბიბლიად. აი, ეს ადგილი: „უსამართლობას სჩადის ის, ვინც ბარბაროსთაგან შეითვისებს რასმე, შემდეგ კი მას თავისეულად გამოაცხადებს, რომ ამ გზით სახელი გაითქვას. ასეთი ვინმე ეცრუება ჭეშმარიტებას და იგი წერილის მიერ იწოდება „ქურდად“, რადგან ამბობს (წერილი): შვილო ჩემო, ნუ იცრუებ , რადგან სიცრუე ქურდობისაკენ მოგიძღვება“ (იხ. კლიმენტი ალექსანდრიელი, ხალიჩები I. 20.100,4).
„წერილიდან“ მოტანილი სიტყვები არის „დიდაქეს“ ზედმიწევნითი ციტირება (იხ. „დიდაქე“ თავი 3 მუხლი 5) სხვაგან არსად გვხვდება იგი. ეს დამოწმება მნიშვნელოვანია ორი მხრივ: 1) „დიდაქე“ წოდებულია „წერილად“ (ბერძნ. „გრაფე“), რაც ამ ძეგლის მართებულობას ასაბუთებს. 2) „დიდაქე“ მოხსენიებულია ზოგადად „წერილად“, კონკრეტულად სახელდების გარეშე, რაც ცხადყოფს, რომ ის იგი დიდად ცნობილი იყო ადრექრისტიანულ ეპოქაში. ეს გასაკვირი არაა, რადგან იმ დროს ახალმოქცეული ქრისტიანები უპირველესად სწორედ „დიდაქეს“ ეცნობოდნენ.

