[3]II ს-ის მიწურულში გნოსტიციზმისა და ანტიკური
ფილოსოფიის საპირისპიროდ, ეკლესიის მამები აუცილებლად რაცხენ ტერმინულად
ჩამოაყალიბონ და ზედმიწევნით გამოთქვან ანუ მოძღვრებითად გადმოსცენ
ქრისტიანობის, როგორც ჭეშმარიტი ფილოსოფიის, ჭეშმარიტი ”ცოდნის”,
”მცოდნეობის” ანუ ”გნოზისის” (ἠ γνωσις) არსი და განსაზღვრონ ქრისტიანის,
როგორც ჭეშმარიტი ”გნოსტიკოსის” (განსხვავებით ცრუ გნოსტიკოსისაგან) სახე.
ამგვარი მცდელობის აუცილებლობა უპირველესად მოსწავებულია ”ახალი აღთქმის”
მიერ, შემდეგ ფრაგმენტულად მინიშნებულია აპოსტოლური და აპოლოგეტური ეპოქის
ძეგლებში, მაგრამ მთელი სისავსითა და გამოთქმითი სიღრმით იგი ვლინდება
II-III სს-ის მიჯნაზე ალექსანდრიის ეკლესიაში, კონკრეტულად, კლიმენტი
ალექსანდრიელის (დაახლ. 140-214 წწ.) შრომებში.
კლიმენტი ალექსანდრიელი, რომელიც წარმოშობით იყო ათენიდან ანდა ალექსანდრიიდან1, ევსები კესარიელის ცნობით, მოწაფე იყო პანტენოს ფილოსოფოსისა2. ევსები გვაუწყებს: ”ამ დროს (იგუ[4]ლისხმება II ს-ის 80-იანი წლები, ე.ჭ.) ალექსანდრიაში ცნობილი გახდა კლიმენტი, რომელიც იწვრთნებოდა საღვთო წერილში და რომელიც იყო მოსახელე რომაელთა ეკლესიის ძველი წინამძღვრისა და მოციქულთა მოწაფისა (იგულისხმება წმ. კლიმენტი რომაელი, ე.ჭ.). იგი მის მიერ შედგენილ შრომაში სათაურით ”მონახაზები” (ὑποτυπώσεις) პანტენოსს იხსენიებს თავის მასწავლებლად. ვფიქრობ, რომ ასევე პანტენოსს გულისხმობს იგი ”სტრომატას” პირველ წიგნში, როდესაც მიუთითებს მის მიერ მიღებულ სამოციქულო მოსაყდრეობაში უმეტესად წარჩინებულ პირებზე” (ევსები, საეკლ. ისტ. V, XI; გ. ბარდის გამოც. თ. II, გვ. 40).

