შესავალი
წმ. კვიპრიანე კართაგენელი, ტერტულიანეს მსგავსად, აფრიკელი
ღვთისმეტყველი იყო, რომელიც აფასებდა თავისი წინამორბედის მოღვაწეობის
ღირსეულ ნაწილს, ეყრდნობოდა მის მართებულ საღვთისმეტყველო სწავლებებს და
ავსებდა მათ სათნოებითი მოძღვრების არსებითი ელემენტებით, რაც ტერტულიანეს
შრომებში ნაკლებ შესამჩნევია. ნეტარი იერონიმეს უწყებით, წმ. კვიპრიანეს
ჩვევად ჰქონდა ყოველდღიურად ეკითხა ტერტულიანე და ხშირად მიმართავდა ასე
თავის მდივანს: ”მიბოძე მოძღვარი”, რითაც აღნიშნავდა იგი ტერტულიანეს (De
vir. il.53).
წმ. კვიპრიანეს ცხოვრების შესახებ მრავალი სანდო წყაროა შემონახული,
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული მათ შორის ესაა თვით კვიპრიანეს
შრომები და მისივე ვრცელი მიმოწერა. ამასთან, კვიპრიანეს დაპატიმრების,
გასამართლებისა და მარტვილობის შესახებ მოგვეპოვება Acta Proconsularia
Cypriani, რაც ეყრდნობა ოფიციალურ ანგარიშებს. ასევე, მრავალი ხელნაწერითაა
ცნობილი ”კვიპრიანეს ცხოვრება” (Vita Cypriani). ავტორად წარმოდგენილია
კვიპრიანეს დიაკონი პონტიუსი, რომელიც თან ახლდა თავის მოძღვარს
გადასახლებაში და მის გვერდით იყო დასჯის ბოლო წუთამდე (”ბრწყინ. კაცთ.”,
გვ. 58). მიჩნეულია, რომ აღნიშნული ”ცხოვრება” პირველია ამ ჟანრის ძეგლებს
შორის. სამწუხაროდ, ამ ნაშრომს ნაკლებად აქვს ისტორიული ღირებულება, რადგან
დაწერილია მთლიანად პანეგირიკულ სტილში. ავტორი, რომელიც აღტაცებულია
კვიპრიანეს ახოვანებით, მოსურნეა იმისა, რომ, როგორც თვითვე ამბობს,
”უკვდავი ხსოვნით მარადიულჰყოს ეს უბადლო და აღმატებული მაგალითი
შთამომავლობის სასარგებლოდ” (თავი 1). ამრიგად, აღნიშნული ”ცხოვრება”
წარმოადგენს შეგონებითი მიზანდასახულობით დაწერილ ბიოგრაფიას.

