ყველაზე ადრეული ცნობა წმ. კლიმენტის შესახებ დაცულია წმ. ირინეოს
ლიონელთან (”მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა” 3.3.3.), რომელიც
წარმოგვიდგენს მას რომის მესამე ეპისკოპოსად (ლინოსის და ანენკლეტოსის
შემდეგ). ევსები კესარიელის ”საეკლესიო ისტორიაზე” დაყრდნობით (3.15.34)
დგინდება წმ. კლიმენტის ეპისკოპოსობის წლები: 92-101 წწ. ტერტულიანეს
მიხედვით, კლიმენტიმ ხელდასხმა თვით წმ. პეტრე მოციქულისგან მიიღო. წმ.
ეპიფანე კვიპრელი ადასტურებს ამ ცნობას, თუმცა დასძენს, რომ კლიმენტიმ,
უთანხმოებათა თავიდან ასაცილებლად, ეპისკოპოსობა განუკუთვნა ლინოსს, და არ
მიუღია იგი ვიდრე ანენკლეტოსის (ლათ. ანაკლეტუსის) აღსრულებამდე. ორიგენე
და ევსები კესარიელი კლიმენტი რომაელს აიგივებენ იმ კლიმენტისთან, რომელსაც
თავის თანაშემწედ მოიხსენიებს წმ. პავლე მოციქული "ფილიპელთა მიმართ
ეპისტოლეში" (4,3; იხ. ორიგენე, იოანეს განმარტ. 6,36; ევსები, საეკლ. ისტ.
6.3.15).
ე.წ. ფსევდოკლიმენტინური ლიტერატურა კლიმენტის წარმოგვიდგენს ფლავიანთა
საიმპერიო ოჯახის წევრად. დიონ კასიუსის აზრით (იხ. მისი "ისტ. რომ"
67.14), კლიმენტი რომაელი იყო იგივე კონსული ტიტუს ფლავიუს კლემენსი,
საიმპერიო ოჯახის წევრი, რომელიც 95-96 წლებში სიკვდილით დასაჯეს
გაქრისტიანების გამო. ჩვენამდე მოღწეულია ძვირფასი ძეგლი: "მარტვილობა
წმიდისა კლიმენტისა", რომელიც სათნო გადმოცემებზე დაყრდნობით დაიწერა IV
ს-ში. წმ. კლიმენტი უძველეს კალენდრებში მოიხსენიება 24 იანვარს, 22 და 26
ნოემბერს. XI ს-დან მკვიდრდება 25 ნოემბერი (თუმცა კონსტანტინოპოლის
კალენდარში მითითებულია 24 ნოემბერი), რაც ასახულია თანამედროვე
რუსულ-ქართულ კალენდრებში (აღნიშნულ მონაცემთა შესახებ იხ. "მსოფლიო
მართლმადიდებელი ეკლესიის შეერთებული კალენდარი", თბ. 2001).
წმიდა კლიმენტის მოღვაწეობა განეკუთვნება იმ ეპოქას, როდესაც რომში
საეკლესიო ენად მიღებული იყო ბერძნული (საგულისხმოა, რომ მეორე საუკუნის
შემდეგაც, როდესაც ლათინურენოვანი საეკლესიო ლიტერატურა უკვე არსებობდა,
კვლავ საგრძნობია ბერძნული ენის დომინანტობა). ამიტომაა, რომ კლიმენტი
წერდა ბერძნულად.
