Thursday, December 13, 2018

წმიდა იპოლიტე რომაელი

როდესაც 212 წ-ს ორიგენემ მოინახულა რომი, მან იქ ერთ-ერთ ეკლესიაში მოისმინა რომაელი მღვდლის, იპოლიტეს ხოტბითი ქადაგება მაცხოვრის შესახებ. ეს მღვდელი შემდეგში გახდა პირველი ანტიპაპი (ანტიპაპი ეწოდება იმ პირს, რომელიც რომის ეკლესიასთან და რომის ეპისკოპოსთან დაპირისპირებაში იმყოფება და ისიც რომის ეპისკოპოსი ხდება მისი მომხრეებისთვის).
შესაძლოა იპოლიტე არ ყოფილა არც რომაელი, არც საზოგადოდ ლათინი. ბევრი ვარაუდობს მის აღმსოავლურ წარმომავლობას. როგორც არ უნდა იყოს, იგი არის ბოლო რომაელი ქრისტიანი, რომელიც ბერძნულად წერდა.
წმ. ფოტი პატრიარქის მითითებით (იხ. მისი ”ბიბლიოთეკა”, კოდ. 121), წმ. იპოლიტე თავის ერთ ჩვენამდე არმოღწეულ შრომაში წმ. ირინეოს ლიონელის მოწაფედ აცხადებს თავს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსული იპოლიტე მალე აღმოჩნდა დაპირისპირებაში პაპ კალისტესთან (217-222), რომელიც მან დაადანაშაულ საბელიანიზმში, შემდეგ კი თავის მომხრეებთან ერთად გამოეყო რომის ეკლესიას და, როგორც აღვნიშნეთ, გახდა პირველი ანტიპაპი. აღნიშნული დაპირისპირება უფრო გაღრმავდა ურბანოსის (223-230) და პონტიანუსის (230-239) პაპობის დროს. ამგვარი მდგომარეობა გაგრძელდა მანამ, სანამ იპოლიტეც და პონტიანუსიც არ გადაასახლეს სარდინიაში, სადაც მათ შორის, როგორც ჩანს შერიგება მოხდა. 235 წ-ს პონტიანუსმა დათმო პაპობა და მის ნაცვლად იკურთხა ანტეროსი (235-236). რაც შეეხება იპოლიტეს, როგორც მიიჩნევენ, მან უარყო განდგომილებაში ყოფნა და შეუერთდა რომის ეკლესიას (შესაძლოა ეს მოხდა რომიდან მის ექსორობამდეც). პონტიანუსი და იპოლიტე აღესრულნენ დაახლოებით 236 წელს. პაპმა ფაბრიანემ (236-250) ორივე მათგანის ნეშტი გადაასვენა რომში და დაკრძალა ისინი 13 აგვისტოს, რა დღესაც არის წმ. იპოლიტეს ხსენება ზოგ კალენდარში (თანამედროვე მართლმადიდებლურ კალენდარში მისი ხსნება დადებულია 30 იანვარს). ლატერანის მუზეუმში ინახება წმ. იპოლიტეს ცნობილი ქადაგება, აღმოჩენილი 1551 წელს, რაც III ს-ს ეკუთვნის. იმ სკამზე, რომელზეც იპოლიტე ზის, ამოკვეთილია მისი პასქალური ტაბულა და მისივე შრომების სია. იპოლიტეს შრომებიდან ჩვენამდე მოღწეულია შემდეგი:

მღვდელმოწამე წმიდა კლიმენტი რომაელი

ყველაზე ადრეული ცნობა წმ. კლიმენტის შესახებ დაცულია წმ. ირინეოს ლიონელთან (”მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა” 3.3.3.), რომელიც წარმოგვიდგენს მას რომის მესამე ეპისკოპოსად (ლინოსის და ანენკლეტოსის შემდეგ). ევსები კესარიელის ”საეკლესიო ისტორიაზე” დაყრდნობით (3.15.34) დგინდება წმ. კლიმენტის ეპისკოპოსობის წლები: 92-101 წწ. ტერტულიანეს მიხედვით, კლიმენტიმ ხელდასხმა თვით წმ. პეტრე მოციქულისგან მიიღო. წმ. ეპიფანე კვიპრელი ადასტურებს ამ ცნობას, თუმცა დასძენს, რომ კლიმენტიმ, უთანხმოებათა თავიდან ასაცილებლად, ეპისკოპოსობა განუკუთვნა ლინოსს, და არ მიუღია იგი ვიდრე ანენკლეტოსის (ლათ. ანაკლეტუსის) აღსრულებამდე. ორიგენე და ევსები კესარიელი კლიმენტი რომაელს აიგივებენ იმ კლიმენტისთან, რომელსაც თავის თანაშემწედ მოიხსენიებს წმ. პავლე მოციქული "ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში" (4,3; იხ. ორიგენე, იოანეს განმარტ. 6,36; ევსები, საეკლ. ისტ. 6.3.15).
ე.წ. ფსევდოკლიმენტინური ლიტერატურა კლიმენტის წარმოგვიდგენს ფლავიანთა საიმპერიო ოჯახის წევრად. დიონ კასიუსის აზრით (იხ. მისი "ისტ. რომ" 67.14), კლიმენტი რომაელი იყო იგივე კონსული ტიტუს ფლავიუს კლემენსი, საიმპერიო ოჯახის წევრი, რომელიც 95-96 წლებში სიკვდილით დასაჯეს გაქრისტიანების გამო. ჩვენამდე მოღწეულია ძვირფასი ძეგლი: "მარტვილობა წმიდისა კლიმენტისა", რომელიც სათნო გადმოცემებზე დაყრდნობით დაიწერა IV ს-ში. წმ. კლიმენტი უძველეს კალენდრებში მოიხსენიება 24 იანვარს, 22 და 26 ნოემბერს. XI ს-დან მკვიდრდება 25 ნოემბერი (თუმცა კონსტანტინოპოლის კალენდარში მითითებულია 24 ნოემბერი), რაც  ასახულია თანამედროვე რუსულ-ქართულ კალენდრებში (აღნიშნულ მონაცემთა შესახებ იხ. "მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის შეერთებული კალენდარი", თბ. 2001).
წმიდა კლიმენტის მოღვაწეობა განეკუთვნება იმ ეპოქას, როდესაც რომში საეკლესიო ენად მიღებული იყო ბერძნული (საგულისხმოა, რომ მეორე საუკუნის შემდეგაც, როდესაც ლათინურენოვანი საეკლესიო ლიტერატურა უკვე არსებობდა, კვლავ საგრძნობია ბერძნული ენის დომინანტობა). ამიტომაა, რომ კლიმენტი წერდა ბერძნულად.