Thursday, December 13, 2018

მინუციუს ფელიქსი

მინუციუს ფელიქსი არის დღეისათვის ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ლათინი აპოლოგეტი, რომლის მოღვაწეობის ეპოქა ზუსტად ჯერაც არ დადგენილა. გარკვეულია, რომ მინუციუსის აპოლოგეტურ შრომას და ცნობილი ლათინი ავტორის, ტერტუალიანეს თხზულებას სათაურით ”აპოლოგეტიკონი” (”აპოლოგეტიკუმ”) დიდი ნათესაობა აქვთ, თუმცა პირველადობა რომელს უნდა მიეკუთვნოს, კვლავაც ძნელად გადასაწყვეტია. ნეტარი იერონიმე ქრონოლოგიურ უპირატესობას ტერტულიანეს ზემორე ნაშრომს აკუთვნებს (ეს ნაშრომი დაწერილია დაახლოებით 197 წელს), თუმცა, მკვლევართა აზრით, მრავალი არგუმენტია საპირისპირო შეხედულებისათვის, რაც უფრო მიღებულად ითვლება. აღნიშნულის საფუძველზე მინუციუსის მოღვაწეობა II ს-ის II ნახევრით უნდა განვსაზღვროთ.

წმ. მარკოზ ეფესელის ანტიკათოლიკური სიტყვის რუსული თარგმანის შესახებ*

როგორც ცნობილია, წმ. მარკოზ ეფესელმა ფლორენციის კრებაზე წარმოთქვა თავისი სახელგანთქმული ორი სიტყვა ე.წ. ”განსაწმენდელის” წინააღმდეგ. ამ სიტყვათა რუსული თარგმანები შესულია არქიმანდრიტ ამბროსის მონოგრაფიაში: Святой Марк Ефесский и Флоренцийская Уния, Jordanville 1963, с. 58-73; 116-150. აღნიშნული მონოგრაფია, საზოგადოდ, მოიცავს ეფესოს მიტროპოლიტის თითქმის ყველა იმ შრომის თარგმანს, რაც ფლორენციის უნიას უკავშირდება.

ამრიგად, არქიმანდრიტ ამბროსის წიგნის სახით საქმე გვაქვს ძვირფასი წყაროდმცოდნეობითი მასალის ნაკრებთან, რაც მრავალათასიანი მკითხველისათვის დღესდღეობით თითქმის ერთადერთი გზაა წმ. მარკოზის საღვთისმეტყველო სწავლებათა გასაცნობად. ეს გარემოება უაღრესად ზრდის წიგნის ავტორის როგორც მთარგმნელის პასუხისმგებლობას, რადგან, კვლავ აღვნიშნავთ, მისი თარგმანები ორიგინალის (ბერძნული ტექსტის) ტოლფასად წარმოჩნდება მრავალრიცხოვანი მრევლისთვის.