"ლოცვათა" და "ღვთისმშობლის დაუჯდომლის" ახალი გამოცემის გამო
კრებული, რასაც ქართულად "ლოცვანი" ეწოდება, გვიანდელი წარმოშობისაა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ქრისტიანისთვის განკუთვნილი ლოცვები უძველესი დროიდანვე იჩენს თავს წერილობითი სახით, საკუთრივ ცალკე კრებულის შექმნა, როგორც ჩანს, მაშინ გახდა აუცილებელი, როდესაც ამ ლოცვათა რაოდენობამ შთამბეჭდავ მოცულობას მიაღწია.
უეჭველია, რომ "ლოცვანი", როგორც კრებული, აღმოცენებულია იმ სამღვდელმსახურო წიგნიდან, რასაც "ჟამნი" ჰქვია. მართლაც, ამ ორ კრებულს შორის ხელშესახები ტექსტობრივი ნათესაობაა, თუმცა კონკრეტულად როდის უნდა მომხდარიყო "ჟამნის" საფუძველზე "ლოცვათა" კრებულის ჩამოყალიბება, ძნელი სათქმელია. საფიქრებელია ამას ადგილი ჰქონოდა XIV-XV სს-ში, რადგან უფრო ადრეული ეპოქის მოღვაწეებისთვის "ლოცვანი" ჯერ კიდევ უცნობია. ამ მხრივ განსაკუთრებით საგულისხმო ჩანს ქართულ მასალაზე დაკვირვება. ცნობილია, რომ ქართველი მოღვაწეები უდიდესი ყურადღებით ეკიდებოდნენ ბიზანტიური ლიტურგიკული წიგნების ქართულად თარგმნას და ახდენდნენ საღვთისმსახურო სიახლეთა დაუყოვნებელ ათვისებას, რაც ყოველთვის იმდენად თანადროული იყო, რომ დღეს მკვლევართა სამართლიან განცვიფრებასაც იწვევს. ასეთ დროს, ცხადია, მრავლისმთქმელი უნდა იყოს, რომ "ლოცვანი", როგორც კრებული, სახელგანთქმულ ქართველ მთარგმნელ-ლიტურგისტთა უმდიდრეს სამღვდელმსახურო მემკვიდრეობაში არსად ავლენს თავს. ეჭვი არაა, რომ ამ კრებულს აუცილებლად თარგმნიდა წმ. გიორგი მთაწმინდელი, საბერძნეთში და კონკრეტულად ათონის მთაზე მსგავსი რამ რომ უკვე არსებულიყო. აღარაფერს ვამბობთ ისეთ მოღვაწეებზე, როგორებიცაა წმ. ექვთიმე მთაწმინდელი, წმ. ეფრემ მცირე, წმ. არსენ იყალთოელი, გელათის საღვთისმეტყველო სკოლის მოღვაწეები და სხვა, რომლებიც ასევე მნიშვნელოვნად იყვნენ დაკავებულნი ლიტურგიკული ძეგლების თარგმნით. ამიტომაა საგულვებელი "ლოცვათა" კრებულის გვიანდელობა.

