[5]სრულიად მოულოდნელად ახლახანს (იგულისხმება 2004 წ.) წავაწყდით
ბროშურას, გამოცემულს წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი
მრევლის კავშირის მიერ, სათაურით: "ვის შემოაქვს შფოთი საქართველოს
სამოციქულო ეკლესიაში" (თბ. 2003). ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევჩერდებით იმ
ათასგვარ ზმანებაზე, რითაც ამ ბროშურის ავტორები არიან მოცულნი და
მოხიბლულნი (რომც შევჩერდეთ, მაინც ვერ განვხიბლავთ), მეტიც, პასუხსაც არ
გავცემდით, რომ არა კვლავაც თავჩენილი მოვლენა, - მთელი ბროშურის
გამმსჭვალავი, - როგორმე გადარჩეს მოძღვრის უცთომელობის მითი და,
შესაბამისად (რადგან სხვა გზა არ არსებობს), მართლმადიდებლობად გასაღდეს
მწვალებლობა. ეს ყოველივე რომ გამოვააშკარაოთ, აბსოლუტურად საკმარისია
თუნდაც მხოლოდ იმ მონაკვეთის განხილვა, რაც კონკრეტულად (სახელდებითად)
ჩვენ გვეხება. მოვიტანთ მთელ ციტატას:
"სასულიერო აკადემიის ლექტორმა ე. ჭელიძემ არქიმანდრიტ რაფელის ნაშრომში
თითქოს "იპოვა" ერთგვარი "ნესტორიანელობის ერესი" და მთელ საქართველოს
მოჰფინა, მამა რაფელი ერეტიკოსიაო, რაც [6]სასულიერო აკადემიის გაზეთებშიც
დაიბეჭდა. მაშინვე ეს "ცნობა" რადიო "თავისუფლებამ" მთელ მსოფლიოში
გაავრცელა. არქიმანდრიტი რაფელი თუ მართლა ერეტიკოსი იყო, იერარქებს,
საქმის გულდაგულ გამოძიებისა და მწვალებლობის დადასტურების შემდეგ,
რამდენჯერმე უნდა შეეგონებინათ მისთვის და თუკი მწვალებლობის ქადაგებას
გააგრძელებდა, უნდა განეკვეთათ ეკლესიიდან. ისინი ვალდებულნი იყვნენ,
დაებარებინათ ორივე მხარე და მოესმინათ როგორც ბრალმდებელისათვის, ისე
ბრალდებულისათვის. ჩვენთვის ცნობილია, რომ მამა რაფელმა მაშინვე წერილობით
მიმართა სასულიერო აკადემიის რექტორს და შესთავაზა, იმავე აკადემიის
გაზეთის ფურცლებიდან ეპასუხა ნებისმიერ ბრალდებაზე, მაგრამ არანაირი პასუხი
არ მიუღია. გამოდის, რომ ბრალს სდებენ და თავისმართლების საშუალებას კი არ
აძლევენ. ამ თემაზე დაწერილი მისი სტატიები ხელნაწერებად რჩებიან,
ცილისწამება კი მორწმუნეთა გულში ნავარდობს. არადა საკმარისი იყო
გადაეშალათ მიტროპოლიტ მაკარის "დოგმატური ღვთისმეტყველების"
სახელმძღვანელო, რომელიც აღიარებულია ეკლესიის მიერ და ენახათ მე-2 ტომის
139-ე თავი (გვ. 93-100), რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ე. ჭელიძის მიერ
გაკრიტიკებული არქიმანდრიტ რაფელის სწავლება სინამდვილეში არის
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება" (გვ. 6-7).

