Sunday, December 16, 2018

ედიშერ ჭელიძე - "გაქუს-ღა რაჲმე სიტყუად?"


 (საპასუხო წერილი არქიმანდრიტ ლაზარეს)1

ამ ბოლო დღეებში (იგულისხმება 1999 წ.) ცნობილი გახდა არქიმანდრიტ ლაზარეს წიგნი (ბროშურას ვერ დავარქმევთ) სათაურით: О тайнстве пакирождения и о некрещенных младенцах, რაც წერილის სახით მომართულია უშუალოდ ჩვენდამი.

ხსენებულ თხზულებაში ავტორი საჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ ჩვენს მიერ ადრე გამოქვეყნებულ სტატიაში სამგზის ნახსენები "ანონიმური რუსული პუბლიკაცია" თურმე მისივე ნამუშევარი ყოფილა. პატივცემული არქიმანდრიტი აღუშფოთებია ამ პუბლიკაციაში დაშვებული უმძიმესი შეცდომების მხილებას ჩვენს მიერ და თითქმის ხუთჯერ უფრო ვრცელი წიგნის სახით გვცემს პასუხს.

აღნიშნული წიგნის შესახებ ზოგადი შთაბეჭდილება ასეთია: მასში მჟღავნდება ავტორის უაღრესად ზვიადი, ამპარტავნული ტონი და საკუთარიგანსჯების სიმართლეში აბსოლუტური თავდაჯერებულობა. შედეგად, სახეზეა უკიდურესად მოუზომავი ბრალდებანი და შეურაცხმეოფელი გამონათქვამები ჩვენს მიმართ.

მიღებული შთაბეჭდილება არ იწვევს ჩვენს აღელვებას, რადგან ამგვარი წრეგადასულობა, როგორც ამაში სხვებთან პოლემიკის დროსაც არაერთგზის დავრწმუნებულვართ, ყოველთვის უმკვვთრესი სიმპტომია ზერელეობისა, არგუმენტთა უსაფუძვლობისა.

ათონის წმინდა მთის წმინდა კინოტის პასუხი უნათლავად აღსრულებულ ჩვილთა საუკუნო ხვედრის შესახებ*

რიცხვ. პირვ. φ. 2/5b/917
15/28 მაისი, 2000
მის უნეტარესობას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს თბილისში

თქვენს უნეტარესობას, შვილურად და თაყვანცემითად, აღდგომილი ქრისტეს მიერ მოვიკითხავთ!

სიხარულით მივიღეთ რა თქვენი უნეტარესობის გულითადი ეპისტოლე წმინდა პასექის ჟამს, წინამდებარე ნაწერის გზით, რაც ბეჭედდადებულია წმინდა კინოტის მიერ, გამოვთქვამთ ჩვენს მხურვალე მადლობას, ერთი მხრივ, იმ ქრისტესმიერი სიყვარულისათვის, რაც თქვენ გამოავლინეთ ჩვენს წმინდა ადგილას მოღვაწე მამათა და ძმათა მიმართ, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ შესაძლებლობა მოგვეცა თქვენთან სულიწმინდისმიერი ზიარებისა, მესამე მხრივ კი, არანაკლებ, თქვენს იმ ღვთისსარწმუნო ვედრებათა გამო, უფლისადმი რომ აღავლენთ ჩვენთვის, ამ წმინდა მთაზე სიმდაბლით მცხოვრებთათვის.