Monday, December 17, 2018

ხილვა სამომავლო განკითხვისა*

(ნაწყვეტი "წმ. ბასილი ახლის ცხოვრების" უძველესი, ათონური ხელნაწერიდან)
[როგორც ცნობილია, "წმ. ბასილი ახლის ცხოვრება" შეიცავს საზვერეთა აღწერილობას და ხილვას სამომავლო განკითხვისას. ტექსტობრივი სანდოობის მიზნით მოპოვებული იქნა ორიგინალის უძველესი, კერძოდ XIII ს-ის ათონის ივერთა მონასტრის ხელნაწერის ტექსტი (№478, ლამბროსის აღწერილობით 4598, შესრულებული პერგამენტზე in 8), რაც მოსკოვის სინოდალური ხელნაწერის (№250, XVI ს-ისა) ვარიანტებითურთ გამოსცა ს.გ. ვილინსკიმ (იხ. С.Г. Вилинский, Житие св. Василия Нового в Русской Литературе, ч. II, Обесса, 1911, с. 5-142). ეს უნიკალური ბერძნული რედაქცია შეიცავს საზვერეების აღწერილობასაც და განკითხვის წინასწარმეტყველებასაც. ქვემოთ წარმოვადგენთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის სიტყვა-სიტყვით თარგმანს (შესაბამისი ბერძნული ტექსტისათვის იხ. დასახ. გამოც., გვ. 98-99).]

Sunday, December 16, 2018

ედიშერ ჭელიძე - "გაქუს-ღა რაჲმე სიტყუად?"


 (საპასუხო წერილი არქიმანდრიტ ლაზარეს)1

ამ ბოლო დღეებში (იგულისხმება 1999 წ.) ცნობილი გახდა არქიმანდრიტ ლაზარეს წიგნი (ბროშურას ვერ დავარქმევთ) სათაურით: О тайнстве пакирождения и о некрещенных младенцах, რაც წერილის სახით მომართულია უშუალოდ ჩვენდამი.

ხსენებულ თხზულებაში ავტორი საჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ ჩვენს მიერ ადრე გამოქვეყნებულ სტატიაში სამგზის ნახსენები "ანონიმური რუსული პუბლიკაცია" თურმე მისივე ნამუშევარი ყოფილა. პატივცემული არქიმანდრიტი აღუშფოთებია ამ პუბლიკაციაში დაშვებული უმძიმესი შეცდომების მხილებას ჩვენს მიერ და თითქმის ხუთჯერ უფრო ვრცელი წიგნის სახით გვცემს პასუხს.

აღნიშნული წიგნის შესახებ ზოგადი შთაბეჭდილება ასეთია: მასში მჟღავნდება ავტორის უაღრესად ზვიადი, ამპარტავნული ტონი და საკუთარიგანსჯების სიმართლეში აბსოლუტური თავდაჯერებულობა. შედეგად, სახეზეა უკიდურესად მოუზომავი ბრალდებანი და შეურაცხმეოფელი გამონათქვამები ჩვენს მიმართ.

მიღებული შთაბეჭდილება არ იწვევს ჩვენს აღელვებას, რადგან ამგვარი წრეგადასულობა, როგორც ამაში სხვებთან პოლემიკის დროსაც არაერთგზის დავრწმუნებულვართ, ყოველთვის უმკვვთრესი სიმპტომია ზერელეობისა, არგუმენტთა უსაფუძვლობისა.