ფართო საზოგადოებაში დიდ დაინტერესებას იწვევს საკითხი იმის შესახებ,
გადადის თუ არა გენეტიკურად წინაპართა პირადი სულიერი მდგომარეობა მათ
შთამომავლობაზე და შესაძლებელია თუ არა, რომ წინაპრის მძიმე პირადი ცოდვის
მიზეზით საუკუნოდ წარწყმდეს მისი სისხლისმიერი შთამომავალი, ე. ი. მამის
ცოდვისათვის წარსაწყმედელს მიეცეს შვილი.
ნაწილი ამ კითხვაზე
უარყოფითად პასუხობს და მიიჩნევს, რომ არ არის სამართლიანი შვილის
წარწყმედა მშობლის ცოდვის გამო, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი დღეს თვლის, რომ
ზემორე აზრი მხოლოდ "ადამიანის მართლმსაჯულების რაკურსია". მაგალითად,
მიუთითებენ: "ადამიანური მართლმსაჯულების რაკურსით ბავშვების დასჯა
მშობლების დანაშაულის გამო უსამართლობაა". რაც შეეხება ღვთიურ
მართლმსაჯულებას, მათი მტკიცებით, საქმე სხვაგვარადაა. კერძოდ, თვლიან, რომ საღვთო მართლმსაჯულებით "შვილები დაიტანჯებიან და წარწყმდებიან თავიანთი მშობლების ცოდვათა გამო".

