Wednesday, December 19, 2018

ედიშერ ჭელიძე - წმიდა კირილე ალექსანდრიელის პაექრობის შესახებ თეოდორიტე კვირელთან

მონაკვეთი წიგნიდან  "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"

ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, წყაროზე მითითებით და დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 352-359, 523-528 გვერდებზე

იყო ჟამი, როდესაც თეოდორიტე კვირელი (მონანიების შემდეგ ჭეშარიტად სახელოვანი ღვთისმეტყველი) დიდად თანაუგრძნობდა ნესტორს, თუმცა ამას აშკარად არ განაცხადებდა (ვინაიდან გარეგნულად ერთჰიპოსტასობის აღსარებას ინარჩუნებდა) და როგორც ნამდვილი ფარულ-ნესტორიანელი, თავისი ცთომილების წრფელი აღიარების სანაცვლოდ, იქით ადანაშაულებდა წმ. კირლეს ერესში. მოვუსმნოთ, თუ რას სწერს თეოდორტე კვრელი იოანე ანტიოქიელს წმ. კირილე ალექსანდრიელის სახელგანთქმული „ანათემატიზმების“ შესახებ:

„დიდად დავმწუხრდი, რაჟამს წავიკითე ანათემატიზმები, რომლებიც გამოგვიგზავნე, გვიბრძანე რა ჩვენ, რომ წერილობით დაგვემხო ისინი და მათი ერეტიკული აზრი ყველასთვის შიშვლად წარმოგვეჩინა, ხოლო დავმწუხრდი იმიტომ, რომ კაცი, ვისაც მწყემსობა ხვდა წილად და ვისაც ესოდენი სამწყსო ერწმუნა, რათა განეკურნა მას უძლურებანი ცხვრებისა [იგულისხმება წმ. კირილეს მღვდელთმთავრობა ალექსანდრიელთა მიმართ, ე.ჭ.], ერთი მხრივ, თვით არის სნეული და - ძალიან მძიმედ, მეორე მხრივ კი იმას ცდილობს, რომ ამ ავადმყოფობით დაასნებოვნოს ფარა, ველურ მხეცებზე უბოროტესად წარმართავს რა მისგან დამწყსილებს“ (PG. 76, col. 389 A).

Tuesday, December 18, 2018

ედიშერ ჭელიძე - ლუკას სახარების სიტყვების გაგებისათვის: "ხოლო იესო წარემატებოდა ასაკით, სიბრძნითა და მადლით" (ლუკა 2.52)

                      მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"

ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, წყაროზე მითითებით და დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 830-868 გვერდებზე

მოვუსმინოთ წმ. იოანე დამასკელის საუკუნოვან განჩინებას:

"წარმატების შესახებ"

ამასთან, ითქმის, რომ იგი "წარემატებოდა სიბრძნით, ასაკითა და მადლით" (ლუკა 2,52), რადგან, ერთი მხრივ, იზრდებოდა ასაკით, და ასაკის ზრდის შედეგად სააშკარაოზე გამოჰქონდა თავის თავში არსებული სიბრძნე, მეორე მხრივ კი - ყოვლითურთ განიკუთვნებდა რა ჩვენეულს, საკუთარ წარმატებად აქცევდა იგი ადამიანთა წარმატებას სიბრძნეში და მადლში, აგრეთვე მამისეული სათნოჩენის სრულყოფას, რაც არის ადამიანთა ღვთისმცოდნეობა და ხსნა. მაგრამ ვინც ამბობს, რომ წარემატებოდა იგი სიბრძნით და მადლით როგორც მიმღები ამათი შემატებისა, ამგვარი ვინმე არც იმას ამბობს, რომ ხორცის პირველწარმოქმნიდანვე1 მოხდა შეერთება2, არცთუ ჰიპოსტასურ შეერთებას თვლის იგი რადმე, არამედ ერწმუნება ამაოდ-მბრძნობ ნესტორს და შეფარდებითი შეერთებისა3 და ლიტონი შთამკვიდრებულობის4 მეზღაპრე ხდება, "არ უწყის რა არც ის, რას ამბობს, და არც ის, რის შესახებ ამტკიცებს" (1 ტიმ. 1,7). მართლაც, თუ ჭეშმარიტად შეუერთდა ღმერთ-სიტყვას ხორცი5 თავისი პირველწარმოქმნიდანვე ანდა, უკეთ, თუ ღმერთ-სიტყვაში მყოფობდა იგი და ჰიპოსტასისეული იგივეობა ჰქონდა მასთან, როგორღა არ გამდიდრდებოდა იგი სრულყოფილად ყველა სიბრძნითა და მადლით, თუმცა არა როგორც წილმიმღები მადლისა, არცთუ მომადლებით წილმქონე სიტყვისეულთა, არამედ, უმალ შედეგად ჰიპოსტასური ერთობისა და, აგრეთვე, ადამიანურთა და საღმრთოთა ერთი ქრისტესად მყოფობის გამო, რადგან თვითვე იყო ერთდროულად ღმერთიც და ადამიანიც, ქვეყნიერებისათვის მადლის, სიბრძნისა და ყოველგვარ სიკეთეთა სისავსის აღმომაცნებელი" (გარდამოცემა, თ. 66; დასახ. გამოც. გვ. 415-416).