Saturday, December 22, 2018

ედიშერ ჭელიძე - მართლმადიდებლური ხატმეტყველება

ხატმეტყველება და დოგმატიკა

საეკლესიო ხატმეტყველების საფუძველია, ერთი მხრივ, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირის, ძე ღმერთის შესახებ პავლე მოციქულისგან სამგზის ნამცნები: "რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ" (კოლას. 1.15); "რომელი-იგი არს ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი ძლიერებისა მისისაჲ" (ებრ. 1.3); "რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო" (ფილიპ. 2.6), ხოლო მეორე მხრივ, ადამიანის, ყოვლადწმინდა სამების მადლისმიერი ძის ანუ ძეობილის შესახებ მოსე წინასწარმეტყველისგან ნაუწყებნი: "და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ"... და შექმნა ღმერთმა კაცი, ხატებად ღმრთისა შექმნა იგი" (შესაქ. 1. 26-27); "...რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი" (შესაქ. 9.6).

აქ წარმოდგენილ საღვთო გამონათქვამებს ანუ მცნებებს ეფუძნება ეკლესიის მამათა დოგმატური სწავლებანი ძეღმერთის როგორც ბუნებითი ხატისა და ადამიანის როგორც მადლისმიერი ანუ ქმნილობითი ხატის შესახებ. ეს სწავლებანი უაღრესად ღრმაა და, შესაბამისად, მოუმზადებელ პირთათვის მეტად რთულიც როგორც შინაარსობრივად, ასევე ტერმინოლოგიურად. შედეგად ხდება ის, რომ ცალკეულ პუბლიკაციებში სახეზეა აურაცხელი ცთომილება და პრინციპულად უმართებულო დასკვნები.

Friday, December 21, 2018

ედიშერ ჭელიძე - ქალკედონის IV მს. საეკლესიო კრების დოგმატის განხილვა

ქალკედონის IV მსოფლიო კრების (451 წ.)
დოგმატი
"ამრიგად, შედგომილნი წმინდა მამებს, ყველანი ერთხმად ვასწავლით ერთი და იმავე ძის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღსარებას, მასვე სრულს ღმრთეებაში და მასვე სრულს კაცებში, მასვე ჭეშმარიტად ღმერთს და ჭეშმარიტად ადამიანს, გონითი სულისა და სხეულისგან, მამის თანაარსს ღმრთეებითად და მასვე ჩვენს თანაარსს კაცობრივად, ყოვლითურთ ჩვენს მსგავსს ცოდვის გარეშე, საუკუნეთა უწინარეს მამისგან შობილს ღმრთეებითად, უკანაკსნელ დღეებში კი მასვე ჩვენს გამო და ჩვენი ცხონებისთვის კაცობრივად [შობილს] მარიამ ქალწულისგან, ღვთისმშმობლისგან, ერთსა და იმავე ქრისტეს, ძეს, უფალს, მხოლოდშობილს, ორი ბუნებისგან თანაშეურევლად, უცვალებლად, განუყოფლად, განუშორებლად ცნობილს, ბუნებათა განსხვავებას არ-აღხოცილს შეერთების გამო, უფრო კი დაცულს თითოეული ბუნების თვისებას და ერთ პირსა და გვამოვნებაში თანამსრბოლს, არათუ ორ პირად დანაწილებულს ან განყოფილს, არამედ ერთსა იმავე ძეს და მხოლოდშობილს, ღმერთ-სიტყვას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც მის შესახებ ძველთაგან წინასწარმეტყველებმა და თვით მან, უფალმა იესო ქრისტემ, განგვსწავლეს ჩვენ და მამათა მრწამსმა გადმოგვცა ჩვენ."

მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"

ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, აგრეთვე დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 982-1044 გვერდებზე