Tuesday, December 25, 2018

ედიშერ ჭელიძე - აკაკი წერეთლის წმინდანად კანონიზების შესახებ

აკაკი წერეთელი უდიდესი საერო მოღვაწეა. მადლიერმა ქართველმა ხალხმა არაერთგზის მხურვალედ გამოხატა თავისი განსაკუთრებული პატივისცემა პოეტისადმი და, დამსახურებისამებრ, მიაგო მას ყველა სახის უაღმატებულესი პატივი, რაც კი საერო მოღვაწეთაგანს ვისმე სააქაოში წილად ხვდომია.

აღნიშნულის მიუხედავად, აკაკი წერეთლის წმინდანად კანონიზება მართლმადიდებელ ეკლესიაში, თვით კანონიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ცალკე განსახილველი საკითხია და განეკუთვნება უცვალებელი დოგმატიკის სფეროს, რაზეც გავლენას ვერ ახდენს ვერც პიროვნების საერო სახელგანთქმულობა, ვერც ავტორიტეტის მქონე პერსონათა პირადი გუნება-განწყობანი.

დოგმატური საზომი არის ერთი:

მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიზებული წმინდანი, უპირველესად, ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი უზაკველობისა და მართლმადიდებლური აღმსარებლობისადმი თავდადების ნიშნით უნდა ხასიათდებოდეს და არა მარტოოდენ პატრიოტულ თუ საქველმოქმედო საქმეთა სიმრავლით, რაც, ცხადია, უცხო არ არის არც სხვა რელიგიური მრწამსის მქონე პიროვნებებისთვის ან თუნდაც ათეისტთათვის. ამასთან, ამათუიმ პირთან დაკავშირებით როდესაც, ვთქვათ, ასი ფაქტიდან ოთხმოცდაცხრამეტი მის ღირსებებზე მეტყველებს, მაგრამ ერთი ფაქტი ამის საწინააღმდეგოა, ამგვარი პირის კანონიზება არ ხდება.

Monday, December 24, 2018

ედიშერ ჭელიძე – წმინდა და დიდი კრებისწინა დოკუმენტის განხილვა

"მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი"

განსახილველი დოკუმენტი შეიცავს უმძიმეს დოგმატურ-ტერმინლოგიურ ცთომილებებს, რომლებთან დაკავშირებითაც აღვნიშნავთ შემდეგს:

1. თვით სათაურშივე, ისევე როგორც ძირითად ტექსტში, ტერმინი "ქრისტიანი" თანაბრად გამოიყენება არა მხოლოდ "ქრისტეს ჭეშმარიტი აღმსარებლის" ანუ მართლმადიდებლის, არამედ - ნებისმიერი არამართლმადიდებლის მიმართ, მაშინ როცა მართლმადიდებელი ეკლესიის აბსოლუტურად ყველა საეკლესიო დოკუმენტი (პირველ რიგში კი, შვიდი მსოფლიო კრების განჩინებანი და საქმენი) ქრისტიანად უწოდებს (უგამონაკლისოდ) მხოლოდ მართლმადიდებელს, არამართლმადიდებელთა მიმართ კი იყენებს ტერმინებს: "ცრუქრისტენი", იგივე "ქრისტემტყუვარნი" (ψευδόχριστοι), "ცრუქრისტიანები" (ψευδοχριστιανοί ფსევდოქრისტიანები), "ერეტიკოსები" (αἱρετικοί).