"ქართლის ცხოვრებაში" შემავალი ძეგლებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ცნობილი ნაშრომი "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი",
რომლის მიმართ, სარწმუნოებრივ-საღვთისმეტყველო გაგებით, ბოლო ხანებში
სერიოზული გაუგებრობა აღმოცენდა. საქმე ეხება საკითხს წმ. თამარ მეფის ე.წ.
მეოთხე ჰიპოსტასობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულება
აღნიშნულ საკითხზე წლების წინ ჩამოვაყალიბეთ და არაერთ საჯარო თუ რადიო
ლექციაში არსებითი ნაწილი მსმენელამდე მივიტანეთ კიდეც, მაინც, ზოგადადაც
და კონკრეტულად ხსენებული ძეგლის ხელახალი გამოცემის პერსპექტივაში,
კვლავაც სრულიად აშკარაა წამოჭრილი პრობლემის საგანგებო განხილვის
აუცილებლობა.
წინდაწინ აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად ზემორე საკითხის მრავალ
მკვლევართან გაჟღერებისა, არსებითად ჩვენს წინაშეა ორი გამოკვეთილი
(ამასთან, ურთიერთმონათესავე) თვალსაზრისი თამარის თითქოსდა "ბუნებითი
ღმერთობის" შესახებ.
პირველი "კონცეპტუალური ეგზეგეზისი" (შეგვიძლია
ასე ვუწოდოთ) აღნიშნულ პრობლემაზე, ჩანს, ყალიბდებოდა XX ს-ის 60-70-იან
წლებში და ბოლოს იგი ასე იქნა ფორმულირებული:

