Saturday, December 29, 2018

ედიშერ ჭელიძე - პეტრე იბერის თაობაზე

საკითხი პეტრე იბერის მონოფიზიტური აღმსარებლობის შესახებ იმდენად გამორკვეულია მართლმადიდებელ ეკლესიაში V ს-დანვე, იმდენად აბსოლუტურად ერთაზროვნად და ურყევადაა ეს ფაქტი დადგენილი საუკუნეების მანძილზე, რომ ამ მხრივ დღეს რაიმე სერიოზული მსჯელობის წარმოება სხვა არაფერია, თუ არა მართლმადიდებელი ეკლესიის საუკუნოვანი განჩინების ეჭვის ქვეშ დაყენება და, შესაბამისად, უკიდურესი შეურაცხყოფა ეკლესიის უცთომელობის დოგმატისა.

ესაა იმავე მასშტაბის მკრეხელობა, როგორიც იქნებოდა, ვთქვათ, დისკუსიის მოწყობა თემაზე, თუ რა აღმსარებლობისა იყო არიოზი, მართლმადიდებელი იყო ის თუ არიანელი. მართლაც, აღმსარებლობითი ცთომილების ხარისხით, პეტრე იბერის მართლმადიდებლად კანონიზების მცდელობა ტოლფასია იმისა, რომ კანონიზებულ ვყოთ არიოზი ან ნესტორი. მიუხედავად აღნიშნულისა, ვითვალისწინებთ რა შექმნილი ვითარების სიმძიმეს, არ უგულებელვყოფთ აუცილებლობას იმისას, რომ მოვიტანოთ უტყუარი ისტორიული ფაქტები პეტრე იბერის აღმსარებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, ორიენტაცია გვაქვს რა მასობრივ მკითხველზე, ამჯერად წარმოვადგენთ მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილ ქრესტომათიულ მონაცემებს ყოველგვარი მეცნიერული განხილვების გარეშე, რადგან ფაქტი თვითონ ღაღადებს ჭეშმარიტებას. თან, ფსევდობრალდებათა თავიდან ასაცილებლად, მოცემულ შემთხვევაში დავკმაყოფილდებით არსებითად მხოლოდ რუსული ციტატებით, რომ ინგლისურ-ფრანგულ-გერმანული აურაცხაელი გამოკვლევის დამოწმება მავანთათვის არ გახდეს თავის დაძვრენის საბაბი იმაზე ხაზგასმით, თითქოს ჩვენ არამართლმადიდებლურ წყაროებს ვიმოწმებთ.

Friday, December 28, 2018

ედიშერ ჭელიძე - როგორი კაცობრივი სხეული მიიღო მაცხოვარმა - ადამის დაცემამდელი (ცოდვამდელი) თუ დაცემის (ცოდვის) შემდგომი?

აღნიშნულ კითხვაზე დოგმატური პასუხი მართლმადიდებელმა ეკლესიამ გასცა თავისი ამქვეყნიური დაფუძნებისთანავე. მეტიც, თვით წმინდა ოთხთავში უცხადესადაა ნაუწყები, რომ მაცხოვრის ყოვლადპატიოსანი და ყოვლადუცოდველი ხორცი უკლებლივ ყველა თავისი ბუნებითი თვისებით იყო აბსოლუტურად იმგვარი, როგორიც გახდა ადამის ხორცი ცოდვითდაცემის შემდეგ. მართლაც, წმინდა მოძღვართა მიერ შეუძრავ და ცხონების ქვაკუთხედ დებულებად არის დადებული სწავლება იმის შესახებ, რომ პირველცოდვამ ადამის სხეული, რაც მანამდე ღვთის მადლით იყო უხრწნადი, უკვდავი და უვნებო (ანუ ცოდვამდელი სხეული არ ექვემდებარებოდა სიკვდილს და არ განიცდიდა არანაირ ვნებულებას - არც შიმშილს, არც წყურვილს, არც დაღლას, არც ძილს და არაფერს ამგვარს სხვას, რაც კი უყვედრელ ვნებულებად იწოდება), ცოდვისა და დაცემის შემდეგ გახდა ბიოლოგიურად ხრწნადი, მოკვდავი და ვნებული (ანუ დაექვემდებარა უყვედრელ ვნებულებებს: შიმშილს, საზრდოს მსაჭიროებლობას, წყურვილს, მოწყლვადობას, ხორციელ ტკივილს, ძილს, გამონადენს, დაღლადობას და ა.შ.). შესაბამისად, უნათლესია, რომ მაცხოვარი, რომელსაც კაცობრივად ჭეშმარიტად მოშივდა, ჭეშმარიტად მოსწყურდა, ჭეშმარიტად დაიღალა, ჭეშმარიტად ეძინა, ჭეშმარიტად ჰქონდა ოფლი, ცრემლი, სისხლი, ჭეშმარიტად იტანჯა (ივნო) ჯვარზე და ა.შ., თავისი კაცობრივი სხეულით ბუნებითად უიგივდებოდა ადამის ცოდვითდაცემულ ხორცს, იმ განსხვავებით, რომ მაცხოვარმა ამგვარი (ცოდვითდაცემული და დასნეულებული) სხეული მიიღო ყოვლად უცოდველად ანუ სრული უცოდველობით, მაშინ როცა ადამმა (და ადამში მთელმა კაცობრიობამ) სწორედ საკუთარი ცოდვით და დანაშაულით (გარდასვლით) თვით დაისნეულა თავისი თავი და სამართლიანად მიიღო სასჯელი, ერთ მხრივ, ხორციელი მოკვდავობა, ხრწნადობა და ვნებადობა, მეორე მხრივ კი, ხორციელი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში შთაკვეთებულობა ანუ სულიერი სიკვდილი.