Monday, December 31, 2018

წმიდა გრიგოლ ნოსელი (334-394) - მაცხოვრის შობისა და ბეთლემში ამოწყვეტილ ჩვილთა შესახებ[1]

დაჰბერეთ საყვირს ახალთვეზე”, - ესე იგი ჩვენს კეთილნიშნოვან დღეს, - ამბობს დავითი (ფს. 80.4), ხოლო რადგან ღვთივსულიერი მოძღვრების ბრძანებანი უთუოდ რჯულდებაა მსმენელთათვის, ამიტომ, დადგა რა ჩვენი დღესასწაულის კეთილნიშნოვანი დღე, ჩვენც აღვასრულოთ რჯულდება და გავხდეთწმინდათვეობის მესაყვირენი .

რჯულისეული საყვირი, როგორც გვამცნებს მის გააზრებას მოციქული, ესაა სიტყვა, რადგან მოციქულის თქმით, საყვირის ხმა შეუმჩნეველი კი არ უნდა იყოს, არამედ - ხმებში გამოკვეთილი, მსმენელთათვის გასაგებად (1 კორ. 14, 7-9).

ამრიგად, ავახმოვანოთ ჩვენც, ძმანო, ბრწყინვალე რამ და სმენადი ხმოვანება, პატივით არანაირად ნაკლები რქის საყვირზე.

თვით რჯულმაც, რომელიც აჩრდილის სახეებში წინასწარ ხატმწერლობდა ჭეშმარიტებას, საყვირთა ახმოვანება კარვისშენების ჟამს რჯულდებულყო; აწინდელი საფუძველიც დღესასწაულისა ესაა ჭეშმარიტი კარვისშენების საიდუმლო, რადგან ამ დღეს უშენდება ადამიანური კარავი მას, ვინც ჩვენს გამო ადამიანი შეიმოსა, ამ დღეს ჩვენი კარვები, სიკვდილისგან დაცემულნი, კვლავაც თანაშეიმტკიცება იმის მიერ, ვინც დასაბამში გვიშენა ჩვენი საცხოვრისი.

Sunday, December 30, 2018

ედიშერ ჭელიძე - ანგელოზთა იერარქიის შესახებ

ერთ-ერთი სქოლიო, დართული წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაზე


წმინდანის ანგელოზთა დასში შერაცხვა და ზეციურ საკურთხეველთან მარადიული მსახურების ღირსად მისი გახდომა აღძრავდა ინტერესს იმის შესახებაც, თუ რომელი მოღვაწე კონკრეტულად რომელ ანგელოზურ დასში იმკვიდრებდა ადგილს. წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში გრიგოლის აღსასრულის აღწერისას თქმულია, რომ იგი "მონაზონთა ერისთავის" ანტონი დიდის დასში იქნა განწესებული ("ყოველთა მართალთა შორის დასსა მას მონაზონთა ერისთავისა მამისა ჩუენისა დიდისა ანტონისსა ნათელსა შინა დაუღამებელსა", თ. 84), მაგრამ თუ რომელ ანგელოზურ დასში მკვიდრობდა თვით ანტონი დიდი, ანუ, საზოგადოდ, სხვა ღირსეული ბერ-მონაზვნები, ამის შესახებ პირად თვალსაზრისს ვხვდებით წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფესთან, ნიკიტა სტითატთან.