Wednesday, January 2, 2019

"უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები" (ფილიპ. 3.13)

ერთ-ერთი სქოლიო, დართული "სათნოებათმოყვარეობის" ქართულ თარგმანზე

"წინ გავწვდებით სულიერ ჭვრეტათა მიმართ" - ტერმინი "წინ გავწვდებით" ბერძნულში ასეთი შესატყვისითაა წარმოდგენილი: ἐπεκτεινώμεθα (რუს. воспростремся). აღნიშნული ტერმინი, რასაც უდიდესი საღვთისმეტყველო დატვირთვა აქვს, მარადიული სულიერი წინსვლის ანუ მარადმზარდი სულიერი პროგრესის, განღმრთობის გზაზე მარადგაძლიერებადი სულიერი წინწვდომის, ღვთისკენ მარადისი წინგაწვდომის შინაარსით გამოყენებულია პავლე მოციქულის მიერ, რომლის განმაღმრთობელ სწავლებას ქვემოთ სრულად დავიმოწმებთ:

ἀδελφοί, ἐγὼ ἐμαυτὸν οὐ λογίζομαι κατειληφέναι' ἓν δέ, τὰ μὲν ὀπίσω ἐπιλανθανόμενος τοῖς δὲ ἔμπροσθεν ἐπεκτεινόμενος, κατὰ σκοπὸν διώκω εἰς τὸ βραβεῖον τῆς ἄνω κλήσεως τοῦ θεοῦ ἐν Χριστῷ Ἰησοῦ. ὅσοι οὖν τέλειοι, τοῦτο φρονῶμεν καὶ εἴ τι ἑτέρως φρονεῖτε, καὶ τοῦτο ὁ θεὸς ὑμῖν ἀποκαλύψει• πλὴν εἰς ὃ ἐφθάσαμεν, τῷ αὐτῷ στοιχεῖν. Συμμιμηταί μου γίνεσθε, ἀδελφοί, καὶ σκοπεῖτε τοὺς οὕτω περιπατοῦντας καθὼς ἔχετε τύπον ἡμᾶς (ფილიპ. 3.13-17; შდრ. ძვ. ქართ. "ძმანო, მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები, და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ. რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ; და სხუასა თუ რასმე ზრახვიდეთ, და იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ. გარნა, რომელსა-ესე მივსწუეთით, მასვე ვზრახვიდეთ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ძმანო, და ხედევდით, რომელნი-იგი ესრეთ ვლენან, ვითარცა-ესე ვართ ჩუენ სახე თქუენდა").

Monday, December 31, 2018

წმიდა გრიგოლ ნოსელი (334-394) - მაცხოვრის შობისა და ბეთლემში ამოწყვეტილ ჩვილთა შესახებ[1]

”დაჰბერეთ საყვირს ახალთვეზე”, - ესე იგი ჩვენს კეთილნიშნოვან დღეს, - ამბობს დავითი (ფს. 80.4), ხოლო რადგან ღვთივსულიერი მოძღვრების ბრძანებანი უთუოდ რჯულდებაა მსმენელთათვის, ამიტომ, დადგა რა ჩვენი დღესასწაულის კეთილნიშნოვანი დღე, ჩვენც აღვასრულოთ რჯულდება და გავხდეთწმინდათვეობის მესაყვირენი .

რჯულისეული საყვირი, როგორც გვამცნებს მის გააზრებას მოციქული, ესაა სიტყვა, რადგან მოციქულის თქმით, საყვირის ხმა შეუმჩნეველი კი არ უნდა იყოს, არამედ - ხმებში გამოკვეთილი, მსმენელთათვის გასაგებად (1 კორ. 14, 7-9).

ამრიგად, ავახმოვანოთ ჩვენც, ძმანო, ბრწყინვალე რამ და სმენადი ხმოვანება, პატივით არანაირად ნაკლები რქის საყვირზე.

თვით რჯულმაც, რომელიც აჩრდილის სახეებში წინასწარ ხატმწერლობდა ჭეშმარიტებას, საყვირთა ახმოვანება კარვისშენების ჟამს რჯულდებულყო; აწინდელი საფუძველიც დღესასწაულისა ესაა ჭეშმარიტი კარვისშენების საიდუმლო, რადგან ამ დღეს უშენდება ადამიანური კარავი მას, ვინც ჩვენს გამო ადამიანი შეიმოსა, ამ დღეს ჩვენი კარვები, სიკვდილისგან დაცემულნი, კვლავაც თანაშეიმტკიცება იმის მიერ, ვინც დასაბამში გვიშენა ჩვენი საცხოვრისი.