Friday, January 11, 2019

ედიშერ ჭელიძე - საუფლო კვართის შესახებ

[47]მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკეობის ანუ მსოფლიოობის და, რაც იგივეა, მისი მხოლოობისა და ერთმთლიანობის გაუქმება, სანაცვლოდ კი თვისობრივი ეროვნული ეკლესიების სიმრავლის შემოტანა, რომელთა თითქოსდა ჯამი ყოფილა მართლმადიდებელი ეკლესია, განსაკუთრებით შეუსაბამოა საქართველოში მწირველი მართლმადიდებელი ეკლესიის ანუ საქართველოს ადგილობითი მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც ქრისტეს მხოლო და მარადგანურღვეველი კვართის (მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოობისა და განუყოფლობის გამაცხადებლის) ღვთივგანგებული ებგურ-გუშაგის, ღვთივდადგენილი კვართისმცველის სამოღვაწეო დანიშნულებასთან, რაც სწორედ ერთეკლესიობის დაურღვევლობისთვის დაუცხრომელ მორკინალობას გულისხმობს.

ამ საკითხს საგანგებოდ შევეხეთ ადრეც, როდესაც მკითხველს სრულად გავაცანით უდიდესი ღვთისმეტყველის, III ს-ის სახელგანთქმული მღვდელმოწამის კვიპრიანე კართაგენელის სულიერი განმარტება უფლის "უკერველი, ზეით-ქსოვილი [ზეგარდმო-ქსოვილი] კვართის" შესახებ. კვლავ დავიმოწმებთ დიდი მოძღვრის სწავლებას:

"ეს საიდუმლო ერთიანობისა (Hoc unitatis sacramentum), ეს საკრველი დაურღვევლად შენაწევრებული ერთსულოვნებისა ვლინდება მაშინ, როდესაც სახარებაში კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი არანაირად [48]არ ნაწილდება, არც იხევა, არამედ ქრისტეს იმ სამოსზე წილისყრის ჟამს, რაც ჰმოსავდა ქრისტეს, კვართი მიიღება როგორც მთლიანი სამოსი და მფლობელობაში გადაეცემა დაუზიანებელი და დაუნაწილებელი... კვართი მატარებელი იყო იმ ერთობისა, რაც მოდის ზემოდან ანუ ციდან და მამისგან და რაც არანაირად არ შეიძლება დარღვეულიყო მისი (კვართის) მიმღებლისა და მფლობელის მიერ, არამედ იგი განუყოფლად იცავდა ერთობლივად მთლიან და მკვრივ სიმტკიცეს. ქრისტეს შესამოსლის ფლობა არ ძალუძს იმას, ვინც არღვევს და განყოფს ქრისტეს ეკლესიას"1.

Thursday, January 10, 2019

ედიშერ ჭელიძე - უძველესი წყარო ორმოცდაათდღიანი მსგეფსის ანუ ხსნილის შესახებ

(აღდგომიდან სულთმოფენობის ჩათვლით)

[16]"დიდი სჯულისკანონის" ძველ ქართულ ხელნაწერებში (A 76, K 17, H 1670) დაცულია თარგმანი უაღრესად მნიშვნელოვანი კანონიკური ძეგლისა სათაურით: "კანონი სამეოცდამეცხრე წმიდათა მოციქულთა ოთხშაბათ-პარასკევთათჱს” (გამოცემულია კ. კეკელიძის მიერ. იხ. ”ეტიუდები”, IX, თბ. 1963, გვ. 84-122). როგორც სათაურიდანაც ჩანს, ხსენებულ ძეგლში მოციქულთა სამოცდამეცხრე კანონის (აგრეთვე, სხვა კანონიკური დადგენილებების) საფუძველზე დასაბუთებულია ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის აუცილებლობა მთელი წლისათვის. ამასთან, მითითებულია ისიც, თუ როდის არის ეს დღეები (ოთხშაბათ-პარასკევი) ხსნილი ანუ როდის გვაქვს მსგეფსი. თხზულების ავტორის მიერ მოხმობილი კანონიკური წყაროებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი უძველესი დოკუმენტი, რაც მოთავსებულია უშუალოდ მოციქულთა კანონის შემდეგ და რაც წარმოადგენს IV ს-ის საღვთო მოძღვრის, წმ. ათანასე დიდის განწესებას, მიღებულს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მიერ (325 წ.). საგულისხმოა, რომ ეს დოკუმენტი დაცული ყოფილა ძალიან ძველ ეტრატის ხელნაწერში. მისი მომძიებელი (ზემოხსენებული კანონიკური თხზულების ავტორი) ხაზგასმით აღნიშნავს:

”პირველსა კრებასა შინა დიდისა ათანასისგან დადებულისა განწესებისაგან, რომელი ვპოვე ფრიად ძუელსა შინა მრგუალსა ეტრატისა წიგნსა” (გვ. 88).