[70]მამაპაპეული რამ ჩვეულების მიხედვით რომაელები
დღესასწაულს მართავენ ზამთრის პერიოდში, როდესაც მზე ზევითა მხარეს ადის და
მატებას იწყებს დღისეული ზომა. ითვლება, რომ წმინდაა თვის დასაწყისი და
იბედებენ რა ისინი ამ დღის მიერ მთელ წელს, ბედნიერ შეხვედრებს,
გასართობებსა და ნადიმებს აწყობენ.
რა მსურს, როდესაც ამით ვიწყებ წერილს?
ის, რომ მეც აღვასრულე ეს დღესასწაული, მათებრ შევიმკე რა ოქროთი2,
რადგან ამ დღეს მომივიდა ოქრო, თუმცა არა ის ჩვეულებრივი ოქრო, რაც უყვართ
ხელისუფალთ და რაც ძღვნად მიაქვთ მის მფლობელებს, - ნივთი დამამძიმებელი,
უსარგებლო და უსულო, - არამედ ის, რაც ყველა სიმდიდრეზე უმაღლესია
გონიერთათვის და რაც, პინდარეს თანახმად, საბოძვარია – ჭეშმარიტად
უმშვენიერესი; ვამბობ შენს წერილზე და მასში [დაუნჯებულ] დიდ სიმდიდრეზე.
მოხდა ისე, რომ იმ დღეს ვეწვიე კაპადოკიელთა
დედაქალაქს და შევხვდი იქ ერთერთ ჩემს ახლობელს, რომელმაც გამომიწოდა ეს
ძღვენი, - ეპისტოლე, როგორც რამ ნიშანი დღესასწაულისა. გავიხარე რა ამ
შემთხვევით, თანამყოფთა საერთო სარგებლობისათვის განვაწესე იგი (ეპისტოლე).
ყველანი ეზიარნენ მას და დაეშურნენ, რომ თითოეულს მთლიანობაში ჰქონოდა
იგი. არ დავზარალებულვარ არც მე, რადგან გაიარა რა ეპისტოლემ ყველას ხელში
და გადაიბეჭდეს რა მათ [წერილის] სიტყვები, ნაწილმა – ხსოვნაში (ზედიზედ წა[71]კითხვის
შედეგად), ნაწილმა კი – საწერ მასალაზე, კვლავაც ჩემს ხელში დარჩა იგი და
მახარებს უფრო მეტად, ვიდრე [გაახარებდა] თვალს მრავალოქროვანი ნივთი.

