Thursday, January 31, 2019

წმიდა კირილე ალექსანდრიელი – სწავლებანი პირველქმნილი ადამიანის შესახებ

"ა. განა არ ვამბობ, რომ ამქვეყნად ადამიანი შეიქმნა ხატად ღვთისა?

ბ. როგორ არა!

ა. ჩვენში საღვთო ხატის შთამხატველი და ბეჭდის გვარად შთამტვიფრველი ზექვეყნიური მშვენიერბისა განა სულიწმინდა არ არის?

ბ. მაგრამ, ამბობენ, არა როგორც ღმერთიო, არამედ როგორც საღვთო მადლის მსახურიო.

ა. მაშ, თვით ის კი არ უნდა შთაინიშნებოდეს ჩვენში, არამედ მისმიერი მადლი.

ბ. როგორც ჩანს.

ა. მაშინ აუცილებელი იქნებოდა, რომ ადამიანი წოდებულიყო "ხატად მადლისა" და არა იმდენად "ხატად ღვთისა". დაუკვირდი მსჯელობას, რადგან, ვფიქრობთ, ბრძნულია და მარტივი იგი:

დასაბამში (ἐν ἀρχῇ) დაიბადა ცოცხალი არსება (τὸ ζῷον), რომელიც შექმნა ღმერთმა და, თანახმად წერილისა, პატივიც მიაგო თავისი ხელითქმნილობით. ამასთან, როგორც კი არსებობაში იქნა იგი შემოყვანილი, დაიხატა კიდეც ღვთისადმი, შთაებერა რა სული ცხოვრებისა, მაგრამ გაყიდა რა მან თავისი განწმენდილობა (τὸν ἁγιασμόν) უკეთურებისადმი გადაცდომის შედეგად, კვლავ იქნა ზეაყვანებული დასაბამიერი და უხუცესი მშვენიერებისადმი (εἰς τὸ ἐν ἀρχαῖς καὶ πρεσβύτατον αὖθις ἀνεκομίζετο κάλλος), რაჟამს ქრისტემ განაახლა (καινουργοῦντος, ლათ. restaurante. ფრ. renouvela) იგი, დაძველებული, ღვთიურ და გონისეულ სახედ და არათუ სხვა რამ გვარად, არამედ - დასაბამიერად, რადგან შთაჰბერა მან მოციქულებს და უთხრა მათ: "მიიღეთ სული წმინდა". ან კი განა ვინმე, თუკი იგი ქრისტეშია, არ არის ახალი შესაქმე"

Wednesday, January 30, 2019

ედიშერ ჭელიძე - გრიგოლ ნოსელის თხზულების "პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს" გამოძახილი ძველ ქართულ მწერლობაში

ნოსელის ნაწერების თარგმნა, რასაც სათავე დაედო VI-VII სს-ში, გიორგი მთაწმიდლის მიერ დასრულდა XI ს. 60-იან წლებში. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ქრისტეშობის საკითხავის ეფრემ მცირისეულ თარგმანს, გრიგოლ ნოსელის შრომების ქართული კორპუსის ჩამოყალიბების ზედა ზღვრად შეგვიძლია XI ს. 60-იანი წლები დავდოთ.

„პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“, რომელიც XI ს. 50-იან წწ.-ში ქართულად თარგმნა გიორგი მთაწმინდელმა, წარმოადგენს შესაქმის დასაწყისი მუხლების განმარტებას. ამ თხზულებამ კარგა ხანია მიიპყრო გვიანანტიკური და ადრებიზანტიური აზროვნების მკვლევართა ყურადღება. გრიგოლ ნოსელი სამყაროს დაბადების ბიბლიურ სურათს ფილოსოფიური ალეგორიზმის პრინციპებით აღიქვამს, შესაქმის შესახებ ადრექრისტიანულ მოძღვრებას გარეგნულ სიმარტივეს აცლის და ღრმა აზრით მსჭვალავს მას. ნისის ეპისკოპოსის მიზანია სიმარტივეში დაფარული მომენტების გამჟღავნება, ბუნდოვან თხრობაში მწყობრი ფილოსოფიური სისტემის ამოცნობა, რის გამოც დიდი კაპადოკიელი მოაზროვნე ანტიკური ფილოსოფიის მდიდარ მემკვიდრეობას ქრისტიანობის წიაღში აქცევს, ცდილობს სწორედ ანტიკური ფილოსოფიის საშუალებით გამოთქვას ბიბლიური შესაქმის არსი.