[77]საეკლესიო ღვთისმეტყველების უდიდესი ძეგლი „საღვთო წერილის სხვადასხვა სირთულის შესახებ“, რაც წმ. მაქსიმე აღმსარებელს
ეკუთვნის და რაც მან სათანადო კითხვებზე პასუხების სახით გაუგზავნა
ცნობილ ხუცესსა და იღუმენს თალასის, მრავალ არსებით საკითხს ეხება. მათგან
ერთერთი უმნიშვნელოვანესია მაქსიმესეული განმარტება კაცობრიობასთან სულიწმინდის კავშირის შესახებ. დიდი მოძღვარი აღნიშნავს სულიწმინდის სამგვარ გამოვლინებას.
მისი განჩინებით, სულიწმინდა, ერთი მხრივ,
მარტივად (άπλως, simpliciter) მყოფობს ყველაში და ყველაფერში,
განსაკუთრებით კი - მოაზროვნე ქმნილებებში. ეს „მარტივი მყოფობა“
სულიწმინდისა ნიშნავს არსთ არსებობის შემამტკიცებლობას, მათ განჭოლვას
წინაგანგებითი ძალით, მათში ბუნებითად შთათესილი უნარის (λόγος), მათ
ბუნებისეულ თესლთა (τά φυσικά σπέρματα) ანუ მათი ბუნებიდან მომდინარე
მართებული აზრების ამოქმედებას, რისი შედეგიცაა თვით უკიდურეს ბარბაროსებში და მომთაბარეებში
(οί νομάδες - ნომადები, მწყემსები, მოხეტიალეები) სიკეთისა და
მშვენიერების (ეს ორი ცნება ბერძნულში გამთლიანებულია ერთ ტერმინად: ή
καλακαγαθία - მშვენიერება და კეთილმშვენიერება) მრავალგზისი გამოვლინება.
ყველა ამგვარი გამოვლინების წყარო და სათავე სწორედ სულიწმინდაა.

