ასლი ეპისტოლისა, რაც გაიგზავნა უწმინდესი ეპისკოპოსის, უფალ ნიკანდროს მიმართ წმინდა მაქიმეს მიერ ქრისტეში ორი მოქმედების შესახებ
[9]თვით შენ, ღვთივპატივდებულო და ყოვლადნეტარო მამაო,
სახელის შესაფერისად გაქვს ახოვანებასთან ერთად უსამღვდელოესი მძლეობაც
ყველა მტერზე1. რომლებიც უჩინრად თუ ცხადად
ებრძვიან ღვთის წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. სასოებისამებრ,
უკვე იღებ კიდეც ღვთისგან გვირგვინს ღვთისავე გამო, - მარადყვავილოვანს
მადლთა მიერ და დაუჭკნობელს სულიწმინდის მოქმედებებით. მისგანვე, ვინც
ბუნებითად სასურველია, თითქოსდა ხელთა გაქვს შენ, მისდამი შენი სრული
თანაშეტკბობის გამო, ნეტარი შვება, და ამიერიდან შენც, თუკი ვინმე სხვა,
ცხადლივ განცხრები თავად უფლით. როგორღა ხდება ან რა სახით გესათნოება,
რომ, თუნდ ლიტონი სიტყვით (არათუ შენს პატიოსან და ნეტარ ნაწერთა მიერ),
მეც განმიკუთვნო და მომაგო ეს ყოველივე, - მე უძალოსა და მოშიშარს, ვისაც
დღემდე არასოდეს მისწავლია, თუ როგორ აღვძრა ღვთის მწყობრში ანთუ ღვთის და
ღვთისვე გამო წმინდა ბრძოლაში გონების საქმითი ძალები ანდა სულისმიერი
აზრები, როგორც რამ ხელის თითები2, რომ ამ
გზით ახოვნად იძლიონ ისინი, რომლებიც ყოვლისმპყრობელი უფლის წინააღმდეგ
აზვავებულან სიტყვებითა და რჯულდებებით, და განიდევნონ იმ კეთილი მიწიდან,
რაც არის თვით უფალი და ღმერთი ჩვენი, და იგივ მართლმადიდებლური
სარწმუნოება, - ჭეშმარიტად მტკიცე საფუძველი და შემყარება
კეთილმსახურებითი დოგმატებისა და სათნოებათა მარადმდინარე ნაყოფთმშობელობა
და ბუნება.

