Tuesday, February 5, 2019

უჩინოჲ და ცხადი


თხზულება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, რომლის უძველესი ვერსია შემოგვინახა შატბერდის კრებულმა, შეიცავს მირიან მეფის მიერ „დაწერილ“ წიგნს. აღნიშნულ „წიგნში“ მირიან მეფე მოგვითხრობს „ზემო“ ეკლესიის მშენებლობის შესახებ და გვაუწყებს:

„აღვაშენე ეკლესიაჲ მაყულოვანსა მას შინა ნინოისსა და ვქმენ მას შინა საქმეჲ, ქმნული უჩინოჲ და ცხადი, დიდებაჲ მაყულოვანთა მათ“ (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, გვ. 354 [ქვემოთ ამ სერიის ტომებს შესაბამისი რიცხვებით აღვნიშნავთ]; შდრ. Sin. 50: „ვქმენ მას შინა საქმჱ, ქმნილ უჩინოჲ და ცხადი, დიდებაჲ მაყვლოვანთაჲ მათ“).

Monday, February 4, 2019

წმიდა მაკარი დიდი ეგვიპტელი - ლოცვის, მადლისმიერი გაბრწყინებისა და განღმრთობის ხარისხების შესახებ

ლოცვის, მადლისმიერი გაბრწყინებისა და განღმრთობის ხარისხების შესახებ1

[69]კითხვა: რა სახით მართებს თითოეულ ჩვენგანს, რომ შეიკრიბოს თავისი გონება და სოფლისკენ მოხეტიალე თავისი აზრები, რათა სხვა არაფერი იზრახოს მან, თუ არა მოლოდინი უფლისა და უფლისადმი სულის სიყვარულის შენარჩუნება?

პასუხი: ვთქვათ, დედას ჰყავს შვილები, რომლებიც განეშორებიან მას უბრალოდ და ალალბედზე დაეხეტებიან. განა ეს დედა, როცა იგი მიიღებს და შეკრებს შვილებს სახლში, არ განსწავლის და დამოძღვრავს მათ? ასევე, სულსაც მართებს ყოველმხრივ შემოიკრიბოს თავისი მოხეტიალე აზრები როგორც შვილები და თუნდაც ცოდვისა და ზრუნვათაგან იყვნენ ისინი დაფანტულები, მაინც უნდა ივალდებულოს მან, რომ ძალისამებრ მარადის დაუცხრომლად შემოიკრიბოს ეს აზრები თავისი სხეულის სახლში, თავის თავში და მარადის მოელოდეს უფალს მტკიცე რწმენითა და სიყვარულით, რათა უფალმა, რაჟამს მოვა, ჭეშმარიტად შეიერთოს იგი, ჰყოს მისი აზრები ღვთიური, მეტყველი (λογικός), ციური, და ასწავლოს მას ლოცვა ჭეშმარიტი, განუბნეველი და მიმოუქცევი.