განმარტებათა ნაკრები ფსალმუნთა წიგნზე, შედგენილი სხვადასხვა წმინდა მამისა და მოძღვრისაგან ჰერაკლიის უსამღვდელოესი მიტროპოლიტის, უფალ ნიკიტას[1] მიერ[2]
წინ გვიდევს[3] წმინდა ფსალმუნთა განმარტება, მაგრამ პირველად იმის წარმოჩენა გვმართებს, რაც კავშირშია ჩვენს მიზანთან, რომ ამ გზით ფსალმუნთა განმარტებამდე მივიდეთ. ძიების ღირსია შემდეგი: პირველად ის, თუ როდის და რამდენგზის გადმოიღეს ებრაულიდან ელინურ ენაზე ძველი აღთქმის საღვთო წერილი და რომელი თარგმანია მიღებული ჩვენს მიერ. მეორე ის, თუ რა არის მიზეზი საწინასწარმეტყველო წიგნთა ბუნდოვანებისა. მესამე - რა არის საფსალმუნე, რა არის ფსალმუნი, რა - დიაფსალმა (რაც მრავალგან ჩანს წერილში) და რას ნიშნავს ”ალელუია”; აგრეთვე ის, თუ რა განასხვავებს ფსალმუნს, გალობას, ჰიმნს, ქებას და ლოცვას. მეოთხე - არის თუ არა დავითის ყველა ფსალმუნი და რის გამო წარმოითქმის კეთილშეწყობილად და გალობითურთ თვით ეს წინასწარმეტყველება. მეხუთე და უკანასკნელი - რამდენ ნაწილად განიყოფა ფსალმუნთა წიგნი.
საკითხებად აღვრიცხეთ რა ეს ყველაფერი, ჯერ პირველი მათგანი გამოვიძიოთ, ამ სახით დავიწყებთ რა საუბარს:

