წერილი პირველი
[113]წინამდებარე გამოკვლევა თეზისურია. იგი
ნაწილობრივ ასახავს ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტექსტების
ტერმინოლოგიური შესწავლის შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული
აკრიბიის წესი მოითხოვს ტერმინთძიებათა თეოლოგიური და ფილოლოგიურ-ისტორიული
ასპექტების უთუოდ მთლიანობაში წარმოჩენას ამგვარ ძიებათა შინაგანი
ერთიანობისა და განუყოფლობის გამო, მაინც მიზანშეწონილი გვეჩვენა, თავად
საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, ცალკე გამოგვეყო და ძირითადი
დასკვნების სახით გადმოგვეცა კონკრეტულად იოანე პეტრიწთან დაკავშირებული ის
სავარაუდო სიახლენი, რომლებიც თან ახლდნენ ზემოხსნებულ კვლევას.
1. ნ. მარის ცნობილი გამოკვლევიდან მოკიდებული დღემდე მტკიცედ არის
დამკვიდრებული აზრი, რომ პირი, რომელსაც საეკლესიო-სამეცნიერო ტრადიცია
იოანე პეტრიწად სახელდებს ანდა, მეტი სიზუსტისათვის, პირი, რომელმაც
ქართულად თარგმნა ნემესიოს ემესელის "ბუნებისათჳს კაცისა" და პროკლე
დიადოხოსის "კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი", მოღვაწეობდა XI ს-ის II
ნახევარსა და XII ს-ის პირველ მეოთხედში (დავით აღმაშენებლის მეფობის
დროს).
