Thursday, February 21, 2019

ედიშერ ჭელიძე - წყლის დასხმითი წესით აღსრულებული ნათლობის შესახებ

ამჯერად, კონკრეტულად და ფაქტობრივად უნდა გადავიდეთ იმ საკითხების განხილვაზე, რომელთა მიხედვითაც ბ-მა მ. ჩახავამ და მის კვალობაზე საქართველოს ძველმართლმადიდებელთა კავშირმა (მათ შორის, ცხადია, ბ-მა ზ. ნარმანიამ) ქართული სამოციქულო ეკლესია, როგორც ასეთი, ერეტიკულად გამოაცხადა. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ე.წ. ”ერეტიკულობის” ნიშნები, როგორც ეს ცხადად ჩანს მ. ჩახავას წიგნიდან, - იგივეა დღესაც, რაც ადრე იყო. ჩვენ დამოწმებული გვაქვს ციტატა დასახ. წიგნიდან, სადაც VI-VII სს-ის ეკლესიის შესახებ თქმული იყო ასეთი რამ: ”VIII ს-ის 50-იან წლებამდე საქართველოს ეკლესია მხარს უსწორებს ერეტიკულ ეკლესიებს, კერძოდ - სომხურს და სირიულს. თუ რა სულიერი საზრდო მიიღეს ამგვარი კულტურული ურთიერთობის ერეტიკოსებისაგან, ეს ნათლად ატყვია ფრესკებს, ხატებს, პირჯვრის წერას, ნათლობას, ზიარებას და სხვა (გვ. 24).

Wednesday, February 20, 2019

ედიშერ ჭელიძე - ქართველ ათონელთა ღვაწლი

როდესაც 1028 წელს დიდი ექვთიმე მთაწმინდელი ხორციელად აღესრულა, გიორგი მთაწმინდელი, მაშინ დაახლოებით 19 წლის ჭაბუკი, კონსტანტინოპოლში სწავლობდა და, ეჭვი არ არის, ამ დიდ მწუხარებას ისიც შეუერთდებოდა, თუნდაც საქართველოში ყოფილიყო, იმიტომ, რომ ათონის მთის მაშინდელი რეალური წინამძღვრის, მთელი ათონის მთის სულიერი მოძღვრის აღსასრული უეჭველად განსაკუთრებული მოვლენა იქნებოდა და გახმიანდებოდა, ცხადია, სრულიად საქართველოსა და ბიზანტიაში, მთელ მაშინდელ დასახლებულ მსოფლიოში, მთელ ქრისტიანულ ოიკუმენაში. თუმცა, როგორც ჩანს, გიორგი მთაწმინდელი ექვთიმესთან გამოსათხოვრად ათონის მთაზე არ გამგზავრებულა (საფიქრებელია იმ მიზეზით, რომ თავისი თავი არ მიუჩნევია ამის ღირსად), თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ განსაკუთრებული ფაქტის შესახებ ის უეჭველად გვაუწყებდა, როდესაც აღწერა მან იოვანესა და ექვთიმეს ცხოვრება.