ჩვენი შემდგომი მსჯელობის თემა არის პირჯვრისწერის საკითხი.
ძველმართლმადიდებელთა აზრით, სამოციქულო დროიდან მომდინარეობს პირჯვრის
გადაწერისა და კურთხევის გაცემის ერთადერთი მართებული წესი: შეკრულია ცერი,
არათითი და ნეკი, ხოლო აღმართული საჩვენებელი თითი და შუათითი.
ბ-ნი მ. ჩახავა გვაუწყებს: “განკვეთილად მიიჩნევენ პირჯვრის გადასაწერად
და კურთხევის გასაცემად დადგენილი თითების წყობის უარმყოფელთ” (დასახ.
წიგნი, გვ. 35). იგივე ავტორი აღნიშნავს: “ჯვარცმული მაცხოვრის სიმბოლური
ბეჭედი არ შეიძლება ორნაირი იყოს” (ღვთიური გზა, 3, გვ. 8).
საგულისხმოა, რომ მ. ჩახავა შეუვალი კატეგორიულობით განაჩინებს საკუთარ
თავზე პირჯვრის გადაწერისა და კურთხევის გაცემის ჟამს თითების წყობის
აბსოლუტურ იგივეობას. აი, მისი სიტყვები: “ნუ აბნევთ ხალხს ერეტიკული
სწავლებით, თითქოსდა ორი გაშლილი და სამი შეკრული თითით შეიძლებოდეს მხოლოდ
სხვათა კურთხევა და არა პირჯვრის გარდასახვა” (იქვე, გვ. 8).

