Wednesday, March 6, 2019

ედიშერ ჭელიძე - საეკლესიო სიმართლე წითელი კვერცხის შესახებ და ზოგიერთი სხვა ლიტურგიკული საკითხი

მეორე საუკუნის დიდ საეკლესიო ფილოსოფოსს, წმ. ათენაგორა ათენელს დავესესხებით:

„ყოველ დოგმატსა და მოძღვრებას, დაკავშირებულს არსთა შორის ჭეშმარიტებასთან, თანაშეეზრდება რამ სიცრუე“ (Παντὶ δόγματι καὶ λόγῳ τῆς ἐν τούτοις ἀληθείας ἐχομένῳ παραφύεταί τι ψεῦδος, PG. 6, col. 973 A).

ნიმუშისთვის, საკმარისია გულდასმით გავეცნოთ თუნდაც უწმინდესი „კურთხევანის“ ძველ ქართულ ხელნაწერებს, რომ სრულად დავრწმუნდეთ ზემორე დებულების უტყუარობაში, ვინაიდან თვალნათლივ ვნახავთ, რომ ხსენებული ხელნაწერების უდიდეს ნაწილში განმაღმრთობელ ტექსტებთან ხორცმეტისებრ არის თანაშეზრდილი არაერთი ფსევდო, ყალბი, აბსოლუტურად ცრურწმენითი „ლოცვა“ (უკეთ, „შელოცვა“), რომელთა გამიჯვნაც ჭეშარიტისგან ფილოლოგიურად საკმაოდ რთულია.

Monday, March 4, 2019

საეკლესიო მწერლობის ჰიმნოგრაფიული ჟანრი

33


წინა საუბრებში განვიხილავდით ლიტურგიკული ჟანრის ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს, რომელსაც “კურთხევანი” (აგრეთვე “დიდნი კურთხევანი”) ეწოდება. აღვნიშნავდით, რომ, რა თქმა უნდა, ლიტურგიკული ჟანრი, ლიტურგიკული მწერლობა მხოლოდ ამ წიგნით არ შემოიფარგლება. მრავალი სხვა უმნიშვნელოვანესი კრებული შედის ლიტურგიკულ ჟანრში. ყველა მათგანს, ცხადია, ჩვენ ვერ შევეხებით, მაგრამ ვთვლით, რომ აუცილებელია ცალკე გამოიყოს და ალბათ რამდენიმე საუბრის სახით განხილულ იქნეს ლიტურგიკული ჟანრის ასევე უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რაც განუყოფელია თუნდაც ჩვენს მიერ უკვე განხილული “დიდი კურთხევანისგან”, ნებისმიერი სხვა ლიტურგიკული წიგნისგან, საზოგადოდ ღვთისმსახურების ნებისმიერი სახისგან, ეს გახლავთ ე.წ. ლიტურგიკული პოეზია ანუ თავისი ნამდვილი სახელწოდებით საეკლესიო ჰიმნოგრაფია, საეკლესიო გალობა.