Friday, March 8, 2019

ადამიანური ბუნების შესახებ. სალაპარაკო ენა, როგორც ადამიანური ბუნების შენაძენი და არა მისი თვისება

54


წინა საუბრებში ჩვენ ვეხებოდით საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უკავშირდება ადამიანის ბუნებას ენობრივი ფენომენი, სალაპარაკო ენა, სამეტყველო ენა. აღვნიშნეთ, რომ სამეტყველო ენა, მატერიალურ გარსში გამოხატული ენა, არ არის ადამიანური ბუნებისთვის განუყოფელი, რომ ის შენაძენია ადამიანური ბუნებისთვის და რომ მხოლოდ ეს არ არის ის ნიშანი, რითაც ადამიანი განეყოფა ცხოველს, რომ დებულება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ენობრივი ფენომენის გაუქმების ჟამს ადამიანი ცხოველი ხდება, თუ ადამიანში ენობრივ ფენომენს გავაუქმებთ ის ცხოველს უიგივდება, ეს დებულება ენათმეცნიერთა შორის მიღებული, არ გახლავთ მართებული ბიბლიურ-ეკლესიური სწავლებით. და რამდენადაც ამ საკითხს შევეხეთ, შევეხეთ იმას, თუ რა უნდა განასხვავებდეს მაშ ადამიანს ცხოველისაგან, ვალდებული ვიყავით განგვეხილა ეკლესიური სწავლება ცხოველური და ადამიანური ბუნების შესახებ, რა არის ცხოველი, რა ბუნებისაა ის და რა ბუნებისაა ადამიანი. ამასთან დაკავშირებით მივუთითებდით, რომ სხეულებრივი ასპექტით დაცემულ მდგომარეობაში ადამიანი არსებითად ცხოველური ბუნებისაა, რომ სხეულებრივად ადამიანსა და ცხოველს შორის ამ მიწიერ ყოფაში არ არის სხვაობა, სხვაობა არის მათ მეორე ნაწილში, რომლის განმარტებისასაც ჩვენ ჯერჯერობით კვალავაც ვტოვებთ ბერძნულ სახელწოდებას “ფსიხე”, რომ ცხოველური “ფსიხე” და ადამიანური “ფსიხე” ერთიმეორისგან არსებითად განსხვავდება. 

Wednesday, March 6, 2019

ედიშერ ჭელიძე - საეკლესიო სიმართლე წითელი კვერცხის შესახებ და ზოგიერთი სხვა ლიტურგიკული საკითხი

მეორე საუკუნის დიდ საეკლესიო ფილოსოფოსს, წმ. ათენაგორა ათენელს დავესესხებით:

„ყოველ დოგმატსა და მოძღვრებას, დაკავშირებულს არსთა შორის ჭეშმარიტებასთან, თანაშეეზრდება რამ სიცრუე“ (Παντὶ δόγματι καὶ λόγῳ τῆς ἐν τούτοις ἀληθείας ἐχομένῳ παραφύεταί τι ψεῦδος, PG. 6, col. 973 A).

ნიმუშისთვის, საკმარისია გულდასმით გავეცნოთ თუნდაც უწმინდესი „კურთხევანის“ ძველ ქართულ ხელნაწერებს, რომ სრულად დავრწმუნდეთ ზემორე დებულების უტყუარობაში, ვინაიდან თვალნათლივ ვნახავთ, რომ ხსენებული ხელნაწერების უდიდეს ნაწილში განმაღმრთობელ ტექსტებთან ხორცმეტისებრ არის თანაშეზრდილი არაერთი ფსევდო, ყალბი, აბსოლუტურად ცრურწმენითი „ლოცვა“ (უკეთ, „შელოცვა“), რომელთა გამიჯვნაც ჭეშარიტისგან ფილოლოგიურად საკმაოდ რთულია.