Thursday, March 14, 2019

მეხსიერების გენეტიკურობა. სამოთხის შესახებ მახსოვრობა ადამიანებში. მაცხოვრის განკაცების ჟამის შესახებ

59-60


ჩვენს ბოლო საუბარში, ვფიქრობთ, მსმენელთან ერთად მივედით იმ უეჭველ დასკვნამდე, რომ საეკლესიო ტერმინოლოგია, ანუ ის ერთი დედა ენა, რაც ჭეშმარიტი კაცობრიობის, ეკლესიაში ახალშობილი კაცობრიობის ერთმთლიანობას მარადიულად ინარჩუნებს, არის ზნეობრივი მონაცემი. ანუ საეკლესიო ენა უპირველეს ყოვლისა ზნეობრივია, სიწმინდის საკუთარ თავში გამოხმატველია და დამცველია, სადაც ჭეშმარიტი ერთმთლიანობაა, გამოხატულებაცაა და ერთ-ერთი განმაპირობებელიცაა ამ ერთ მთლიანობისა.

აი ამ დასკვნის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია კვლავ მივუბრუნდეთ კაცობრიობის დასაბამიერი ენის საკითხს. რამდენიმე საუბრის წინ აღვნიშნავდით, რომ საკუთრივ ამ ენის გამოხატულება კონკრეტულად როგორი იყო, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ ვიმსჯელებთ (მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარკვეული ვარაუდები გვქონდეს). რაზეც მყარად შეგვიძლია ვისაუბროთ ეს გახლავთ იმ პროტო ენის, დასაბამიერი ენის გარკვეული თვისებები, თუ რა თვისებებით შეიძლება ყოფილიყო ის განმსჭვალული.

Tuesday, March 12, 2019

საეკლესიო ტერმინოლოგია როგორც ზნეობრივი მონაცემი

57-58


ბოლო საუბრისას ჩვენ განვიხილავდით საკითხს ენის ფენომენის შესახებ. ვეხებოდით თავდაპირველ მდგომარეობას ადამიანისას სამოთხეში. შემდგ, როდესაც ცოდვით დაეცა ადამიანი, ენობრივი კუთხითაც ეს დაცემა, რა თქმა უნდა, სახეზეა. თუ დავდაპირველი შინაგანი სიტყვა, გონებითი გაზრახება ნიშანდობლივი იყო ადამიანის სულიერი მეტყველებისთვის, მსგავსად ანგელოზური მეტყველებისა, ცოდვით დაცემამ მეტყველებასაც გარეგანი, მატერიალური შესამოსელი შესძინა და ისევე როგორც ადამიანი ტყავის სამოსელით დაიფარა და ეკლესიის მამათა განმარტებით ტყავის სამოსელი აქ სიმბოლო მატერიალურობისა, მოკვდავობისა, დაშლადობის მქონე ნივთიერებისა, ამგვარადვე ენამაც მატერიალური სამოსელი მიიღო და სიტყვა შინაგანი გახდა სიტყვა წარმოთქმული, ანუ სიტყვა ხმოვანი. კვლავ გავიხსენებთ პეტრიწის თარგმანს ამ შემთხვევაში ჩვენთვის ნიშანდობლივს: სიტყვა გარემოსილი, ანუ მატერიალური სამოსელით დაფარული. სულიერი აზრის ამგვარად დაფარვით მატერიალურმა სამოსელმა ენას შესაძლებლობა მისცა ამ დაცემულ მდგომარეობაში კაცობრიობის შემაკავშირებელი ყველაზე მნიშვნელოვანი საურთიერთობო საშუალება გამხდარიყო.