Sunday, March 31, 2019

ფსევდოკლიმენტინური ძეგლები

93-94


ორი ეპისტოლე ქალწულთა მიმართ

ჩვენ კვლავ წმინდა კლიმენტი რომაელის შესახებ რაც განსახილველი დაგვრჩა წარმოვადგენთ. ვგულისხმობთ კვლავაც იმგვარ ძეგლებს, რომლებსაც ავტორად ჰყავთ კლიმენტი რომაელი, მაგრამ არ არის დაზუსტებული, რომ ძეგლი, ჩვენამდე მოღწეული სახით, მართლაც კლიმენტისგან დაიწერა თუ არა.

ერთი რამ მკვლევართა შორის ამ ბოლო ხანებში იკვეთება, რომ ფსევდოკლიმენტინური ლიტერატურტის დიდი ნაწილი არქეტიპულად, ე.ი. ყველაზე უფრო ჭეშმარიტი ნაწილების მხრივ, მართლაც წმინდა კლიმენტი რომაელის კალამს უნდა ეკუთვნოდეს, რაც (ეს პირველაღწერილობა) შემდგომში გადამწერთაგან, სხვადასხვა პირთაგან შეივსო, შეზავდა დამოუკიდებლად, ასევე ზეპირ გადმოცემაში არსებული ცნობებით, ზოგ შემთხვევაში არმართლმადიდებლური სწავლებებითაც შეივსო. ამ გაგებით საბოლოოდ გარკვეულ ფორმამდე მისული ძეგლი მართლმადიდებლური ლიტერატურის ნაწილად და წმინდა კლიმენტი რომაელის შრომად ვეღარ ჩაითვლება. აი ამგვარი ხასიათის ძეგლებს ეწოდებათ “ფსევდოკლიმენტინური ძეგლები” და ამ ძეგლების ერთობლიობას “ფსევდოკლიმენტინური ლიტერატურა”.

Wednesday, March 27, 2019

წმინდა კლიმენტი რომაელის “II ეპისტოლე კორინთელთა მიმართ”

92


ჩვენს წინა საუბრებში შევეხეთ წმინდა კლიმენტი რომაელის, ასე ვთქვათ, ავთენტურ შრომას, რაზეც არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ ნამდვილად მისია, “ეპისტოლეს კორინთელთა მიმართ”. მაგრამ რამდენადაც სპეციალურ კვლევაში და ძველთაგანვე საეკლესიო ლიტერატურაში ფიგურირებს კიდევ ერთი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ კლიმენტი რომაელისა, შესაბამისად პირველ მათგანს, ე.ი. ჩვენს მიერ ზემო განხილულს, ეწოდება “I ეპისტოლე კორინთელთა მიმართ” და ის ეპისტოლე, რომელსაც ეხლა განვიხილავთ, ეწოდება “II ეპისტოლე კორინთელთა მიმართ”.

კლიმენტი რომაელის II ეპისტოლის შესახებ აზრთა დიდი სხვადასხვაობაა. ტექსტობრივად ეს ეპისტოლე პირველთან ერთადაა შემონახული. ჩვენ ვახსენეთ ორი ხელნაწერი, რომელთაგან ერთია V ს-ის ცნობილი ალექსანდრიული კოდექსი, მეორე კი 1056 წლის იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკის ხელნაწერი, რომელმაც შემოგვინახა ჩვენ, როგორც უკვე გითხარით, პირველი ეპისტოლე და აგრეთვე სირიული თარგმანის შემცველი ხელნაწერი. სამივე ეს ხელნაწერი, პირველ ეპისტოლესთან ერთად, შეიცავს მეორესაც, რომელიც, როგორც ავღნიშნეთ, მსგავსადვე კორინთელებისადმია მიმართული. და თუმცა ამასაც ეპისტოლე ეწოდება, მაგრამ უკვე კარგა ხანია გარკვეულია, რომ თავისი ფორმით ის უნდა იყოს არა იმდენად ეპისტოლე, რამდენადაც უფრო ჰომილია, ქადაგება. მრავალი მკვლევარი კლიმენტი რომაელის ე.წ. მეორე ეპისტოლეს კორინთელთა მიმართ სინამდვილეში უწოდებს უძველეს ქრისტიანულ ჰომილიას.