133–134
წმ. იუსტინე მარტვილის მოძღვრება ღვთისა და ღვთიური ჭეშმარიტების მარცვალთა ანტიკურ ფილოსოფიაში გამოვლენის შესახებ
ჩვენი წინა საუბრები ეთმობოდა II ს-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
მოღვაწეს, სახელგანთქმულ ღვთისმეტყველს - წმ. იუსტინე მარტვილს.
მიმოვიხილეთ მისი მოღწეული, დაკარგული, ფსევდო შრომები და ამჯერად
ყურადღებას მივაპყრობთ მოღწეული შრომების საფუძველზე აღნიშნული მოღვაწის
ღვთისმეტყველებას, საღვთისმეტყვე-ლო ნააზრევს. თუმცა, როდესაც წმ. იუსტინეს
საღვთისმეტყველო ნააზრევზე ვსაუბრობთ, უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ ჩვენ არ
მოგვეპოვება ავტორის ხელიდან გამოსული ისეთი შრომა, სადაც სრულად იქნებოდა
გადმოცემული მისი ქრისტიანული მოძღვრება, გამომდინარე იქიდან რომ ასეთი
სახის შრომები ჩვენამდე არ მოღწეულა. ასეთი თხზულებები ჩვენ უკვე
განვიხილეთ, სადაც გადმოცემული იყო მოძღვრება ღვთის განგებულების შესახებ,
სულის შესახებ, აღდგომის შესახებ, უარყოფა ყველა წვალებისა და მარკიონის
წინააღმდეგ. აი ეს შრომები, რომლებიც დაკარგულია, ჩვენთვის სწორედ ამ
მიზანდასახულობით იქნებოდა უაღრესად სასარგებლო, რომ შეჯამებულად და
მთლიანობაში იუსტინე მარტვილის მოძღვრება სისტემური წესით შეგვესწავლა და
გადმოგვეცა კიდეც.

