Monday, December 17, 2018

ედიშერ ჭელიძე - ეკლესიის მამათა სწავლება მაცხოვრის კაცობრივი ბუნების შესახებ

ეკლესიის მამათა სწავლება მაცხოვრის კაცობრივი ბუნების, მისი კაცობრივი სხეულის შესახებ აღდგომამდე და აღდგომის შემდეგ1

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დიოფიზიტური სწავლებით მაცხოვრის სხეული, თანახმად პავლე მოციქულის სიტყვებისა, ემსგავსებოდა ჩვენს “ცოდვის ხორცს” მხოლოდ იმ აზრით, რომ იგი თავისუფალი იყო ყოველგვარი ცოდვისაგან და არანაირად იმ აზრით, რომ თითქოს ღვთის სხეული არ შეიცავდა რომელიმე ბუნებით ანუ მემკვიდრეობით თვისებას ჩვენი სეულისას. მაცხოვრის კაცობრივი სხეული ყოვლად თავისუფალი იყო მხოლოდ მემკვიდრეობითი ცოდვილობისაგან, მემკვიდრეობითი ცოდვისმიერი გაუკუღმართებისაგან, ცოდვისმიერი წახდენისაგან, მაგრამ იგი ცოდვის გარეშე ფლობდა ყველა მემკვიდრეობით, ყველა ბუნებით თვისებას ჩვენი სხეულისას, როგორებიცაა: ხრწნადობა, მოკვდავობა, ტკივილგანმცდელობა (ძვ. ქართ. “ვნებადობა”, ბერძნ. τὸ παθητόν ). მხოლოდ ჯვარცმის შემდეგ აღდგომისას შეიძინა იმავე სხეულმა უხრწნელება, უკვდავობა, ტკივილგანუცდელობა (“უვნებელობა”, ბერძნ. ἀπαθεία ).

ედიშერ ჭელიძე - ეკლესიის მამათა სწავლება ცოდვისა და სასჯელის შესახებ

ფართო საზოგადოებაში დიდ დაინტერესებას იწვევს საკითხი იმის შესახებ, გადადის თუ არა გენეტიკურად წინაპართა პირადი სულიერი მდგომარეობა მათ შთამომავლობაზე და შესაძლებელია თუ არა, რომ წინაპრის მძიმე პირადი ცოდვის მიზეზით საუკუნოდ წარწყმდეს მისი სისხლისმიერი შთამომავალი, ე. ი. მამის ცოდვისათვის წარსაწყმედელს მიეცეს შვილი.

ნაწილი ამ კითხვაზე უარყოფითად პასუხობს და მიიჩნევს, რომ არ არის სამართლიანი შვილის წარწყმედა მშობლის ცოდვის გამო, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი დღეს თვლის, რომ ზემორე აზრი მხოლოდ "ადამიანის მართლმსაჯულების რაკურსია". მაგალითად, მიუთითებენ: "ადამიანური მართლმსაჯულების რაკურსით ბავშვების დასჯა მშობლების დანაშაულის გამო უსამართლობაა". რაც შეეხება ღვთიურ მართლმსაჯულებას, მათი მტკიცებით, საქმე სხვაგვარადაა. კერძოდ, თვლიან, რომ საღვთო მართლმსაჯულებით "შვილები დაიტანჯებიან და წარწყმდებიან თავიანთი მშობლების ცოდვათა გამო".