Friday, December 21, 2018

ედიშერ ჭელიძე - ქალკედონის IV მს. საეკლესიო კრების დოგმატის განხილვა

ქალკედონის IV მსოფლიო კრების (451 წ.)
დოგმატი
"ამრიგად, შედგომილნი წმინდა მამებს, ყველანი ერთხმად ვასწავლით ერთი და იმავე ძის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღსარებას, მასვე სრულს ღმრთეებაში და მასვე სრულს კაცებში, მასვე ჭეშმარიტად ღმერთს და ჭეშმარიტად ადამიანს, გონითი სულისა და სხეულისგან, მამის თანაარსს ღმრთეებითად და მასვე ჩვენს თანაარსს კაცობრივად, ყოვლითურთ ჩვენს მსგავსს ცოდვის გარეშე, საუკუნეთა უწინარეს მამისგან შობილს ღმრთეებითად, უკანაკსნელ დღეებში კი მასვე ჩვენს გამო და ჩვენი ცხონებისთვის კაცობრივად [შობილს] მარიამ ქალწულისგან, ღვთისმშმობლისგან, ერთსა და იმავე ქრისტეს, ძეს, უფალს, მხოლოდშობილს, ორი ბუნებისგან თანაშეურევლად, უცვალებლად, განუყოფლად, განუშორებლად ცნობილს, ბუნებათა განსხვავებას არ-აღხოცილს შეერთების გამო, უფრო კი დაცულს თითოეული ბუნების თვისებას და ერთ პირსა და გვამოვნებაში თანამსრბოლს, არათუ ორ პირად დანაწილებულს ან განყოფილს, არამედ ერთსა იმავე ძეს და მხოლოდშობილს, ღმერთ-სიტყვას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც მის შესახებ ძველთაგან წინასწარმეტყველებმა და თვით მან, უფალმა იესო ქრისტემ, განგვსწავლეს ჩვენ და მამათა მრწამსმა გადმოგვცა ჩვენ."

მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"

ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, აგრეთვე დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 982-1044 გვერდებზე

Thursday, December 20, 2018

ედიშერ ჭელიძე - ხატთაყვანისცემის შესახებ

VII მსოფლიო საეკლესიო კრების, წმ. იოანე დამასკელისა და წმ. თეოდორე სტუდიელის სწავლებათა მიხედვით
მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"

ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, აგრეთვე დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 1128-1208 გვერდებზე

დოგმატი თაყვანისცემის არსისა და მის სახეთა შესახებ მთელი სისავსით განიმარტა მაშინ, როდესაც ხატმებრძოლობის ერესი აღიძრა. ამ მხრივ შეუძრავი სწავლებანი და რჯულდებანი გადმოსცა ყოვლადმსოფლიო მეშვიდე საეკლესიო კრებამ, რომლის მონაწილე ღმერთშემოსილმა მამებმა, პირველ რიგში, სწორედ ის ივალდებულეს, რომ ზედმიწევნით განესაზღვრათ ღვთისადმი თაყვანისცემისა და განღმრთობილი ქმნილებებისადმი თაყვანისცემის ჭეშმარიტი შინაარსი და ფორმა.

კერძოდ, ურყევად დადგინდა, რომ ღვთისადმი ჩვენს თაყვანისცემას გამოვხატავთ მსახურებითად ანუ აბსოლუტურად (ლატრევტიკულად), ხოლო ქმნილებებისადმი - პატივისცემითად ანუ შეფარდებითად (სქეტიკურად).