Saturday, February 2, 2019

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი - ჭეშმარიტი ცოდნის შესახებ

(გამონაკრებნი)


რწმენა არის ჭეშმარიტი ცოდნა, არადამტკიცებადი სათავეების მქონე, როგორც გონებაზე და სიტყვაზე აღმატებული საქმეების საფუძვლად მყოფი (ὑπάρχουσα ὑπόστασις)1 (წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ორასეული, ღვთისმეტყველებისა და ძე ღმერთის ხორცში განგებულების შესახებ, 1.9).

ვინც ელვარეჰყო გონება საღვთო აზრებით და სიტყვას ჩვევა მისცა, რომ საღვთო ჰიმნებით დაუცხრომლად თაყვანს სცემდა შემოქმედს, შეუმღვრეველი წარმოდგენებით2 კი გრძნობა განიწმინდა, ასეთმა ვინმემ ხატისებრიობის3 ბუნებისეულ მშვენიერებას შესძინა მსგავსებისებრობის4 ნებაყოფლობითი (γνωμικόν )5 სიკეთე (1.13).

მორწმუნე მოშიშია, მოშიში მდაბალია, მდაბალი უდრტვინველია (იღებს რა იგი გულისწყრომისა და გულისთქმის არაბუნებრივ მოძრაობათა უმოქმედო ნათვისობას), უდრტვინველი იმარხავს მცნებებს, მცნებათა დამცველი განიწმინდება, განწმენდილი ბრწყინდება, გაბრწყინებული კი საიდუმლოთა განძთსაცავში ღირსი ხდება სიძე-სიტყვასთან თანამეცხედრეობისა6 (1.16).

Friday, February 1, 2019

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი - კიდონიის უწმინდესი ეპისკოპოსისადმი

[22]ღვთის თავისთავში თანაბრობა სიმაღლითა და სიღრმით, ღვთისვე ჩვენდამი განგებულების საიდუმლოს კეთილმსახურებითი გამოკვლევის მიერ, შეიცნო ღვთივდაცულმა მეუფემ ჩემმა1, და ამიტომაც გაჰკვირვებია მას, თუ როგორ მოხდა, რომ უფლის მიმართ თანაშეკავშირდა საზღვარი და უსაზღვროება (თუმცა კი საწინააღმდეგონი არიან ისინი და შეუზავებელნი), ისე რომ ორივე მათგანს სწორედ ურთიერთის მეშვეობით ჰქონდა გამოვლინება, რაჟამს უსასრულობა საიდუმლოებითად თანაშემოისაზღვრა საზღვრით, საზღვარი კი ზებუნებრივად თანაგანივრცო უსასრულობასთან ერთად, თავად ის კი, ვის მიმართაც - ესენი, ორივე მათგანის მიხედვით ერთი და იგივე ჰგიეს, არ დაკლებულა რა იგი არანაირად თავისი თავისგან უსასრულობის მხრივ როგორც ბუნებითად უსაზღვროდ, განგებულებითად კი მიუწვდომლად მყოფი და ცნობილი. ვისაც აქვს აზრშეუდგამი სიმაღლე ღმრთეებისეული დიდებისა და შეუცავი სიღრმე განგებულებითი ქვემდაბლობისა.