Monday, February 4, 2019

წმიდა მაკარი დიდი ეგვიპტელი - ლოცვის, მადლისმიერი გაბრწყინებისა და განღმრთობის ხარისხების შესახებ

ლოცვის, მადლისმიერი გაბრწყინებისა და განღმრთობის ხარისხების შესახებ1

[69]კითხვა: რა სახით მართებს თითოეულ ჩვენგანს, რომ შეიკრიბოს თავისი გონება და სოფლისკენ მოხეტიალე თავისი აზრები, რათა სხვა არაფერი იზრახოს მან, თუ არა მოლოდინი უფლისა და უფლისადმი სულის სიყვარულის შენარჩუნება?

პასუხი: ვთქვათ, დედას ჰყავს შვილები, რომლებიც განეშორებიან მას უბრალოდ და ალალბედზე დაეხეტებიან. განა ეს დედა, როცა იგი მიიღებს და შეკრებს შვილებს სახლში, არ განსწავლის და დამოძღვრავს მათ? ასევე, სულსაც მართებს ყოველმხრივ შემოიკრიბოს თავისი მოხეტიალე აზრები როგორც შვილები და თუნდაც ცოდვისა და ზრუნვათაგან იყვნენ ისინი დაფანტულები, მაინც უნდა ივალდებულოს მან, რომ ძალისამებრ მარადის დაუცხრომლად შემოიკრიბოს ეს აზრები თავისი სხეულის სახლში, თავის თავში და მარადის მოელოდეს უფალს მტკიცე რწმენითა და სიყვარულით, რათა უფალმა, რაჟამს მოვა, ჭეშმარიტად შეიერთოს იგი, ჰყოს მისი აზრები ღვთიური, მეტყველი (λογικός), ციური, და ასწავლოს მას ლოცვა ჭეშმარიტი, განუბნეველი და მიმოუქცევი.

Sunday, February 3, 2019

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი - სიტყვისგება თალასესადმი (42-ე ქვეთავი)

"გაიხრწნა რა თავდაპირველად ადამის ბუნებითი მოაზროვნეობის არჩევანი, თავისთან ერთად თანაგახრწნა მან ბუნება, რამაც განიშორა უვნებობის მადლი, და [ასე] მოხდა ცოდვა. პირველი და სათანადოდ გასაკიცხი1 ეს იყო კეთილისგან ბოროტებისკენ გადაცთომა არჩევანისა, ხოლო მეორე, გამომდინარე პირველისგან, - უხრწნადობისგან ხრწნადობისკენ გაუკიცხავი2 გარდაქმნა ბუნებისა. ასე რომ, ორი ცოდვა მოხდა პირველმამაში საღვთო მცნების დარღვევის კვალობაზე, ერთი - გასაკიცხი, ხოლო მეორე - არგასაკიცხი, რასაც მიზეზად აქვს გასაკიცხი3. პირველი [ცოდვა] ესაა არჩევანისა, ნებსით რომ განიშორა სიკეთე, ხოლო მეორე - ბუნებისა, არჩევანისგან გამომდინარე რომ უნებლიეთ განიშორა უკვდავება.

შესაბამისად, ბუნების ამ ორმხრივი ხრწნადობისა და ცვალებადობის განმმართველმა4 ჩვენმა უფალმა და ღმერთმა მთლიანსრული ბუნება მიიღო და ჰქონდა მასაც მისგან მიღებულ ბუნებაში ვნებითობა, შემკული არჩევანისეული უხრწნელებით, და გახდა იგი [უფალი], ერთი მხრივ, ბუნებით ჩვენს გამო "ცოდვა"5 ვნებითობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, არმცოდნე განზრახულებითი6 ცოდვისა, არჩევანის უცვალებლობის გამო, ხოლო განმართა რა მან ბუნების ვნებითობა არჩევანისეული უხრწნელების მიერ, ბუნების ვნებითობის დასასრული, ესე იგი - სიკვდილი, უხრწნელებისკენ ბუნებითი გარდაქმნის დასაბამად გახდა; და ასევე როგორც ერთი ადამიანის მიერ, რომელმაც [თავისი] არჩევანი ნებსით შეცვალა7 სიკეთისგან, ყველა ადამიანზე აღსრულდა უხრწნადობისგან ხრწნადობისკენ გარდაქმნა ბუნებისა, ამგვარადვე ერთი კაცის8 იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც არ შეუცვლია არჩევანი სიკეთისგან, ყველა ადამიანზე აღსრულდა ხრწნადობისგან უხრწნადობისკენ კვლავ-აღდგინება ბუნებისა.