Thursday, February 7, 2019

წმიდა მარკოზ ეფესელი

ეფესოს უწმინდესი მიტროპოლიტის მარკოზ ევგენიკოსის აპოლოგია, რომელიც მან წარმოთქვა მოახლოებული აღსასრულის ჟამს
თუმცა უკვე სიკვდილი მიახლოვდება, მსურს, რომ უფრო ვრცლად გამოვთქვა ჩემი აზრი, რათა დასაბამიდან აღსასრულამდე თანხმობაში ვიყო საკუთარ თავთან. არავინ იფიქროს, თითქოს ოდესმე სხვას ვამბობდი, გონებაში კი სხვას ვფარავდი, რისი გამხელაც მმართებდა მიცვალების ჟამს.

პატრიარქის შესახებ ვიტყვი: ნუ განიზრახავს იგი, თითქოსდა ჩემი დაფასების საბაბით, მოავლინოს ეპისკოპოსები, ანდა მღვდლები, ანთუ ვინმე ისეთი, ვინც თანამოაზრეა მისი, რომ ჩემი უბადრუკი სხეულის დაფლვის ჟამს, აგრეთვე, როდესაც ჩემს ხსენებას სრულყოფენ, მათაც ერთობლივად ილოცონ და თანაშეერთონ ჩემეულ მღვდლებს, რომლებიც მსახურებას აღასრულებენ; ნურც იმას იფიქრებს, თითქოს რაიმე სახით, თუნდაც ფარულად, შევიწყნარებ მის ზიარებას.

წმიდა მარკოზ ეფესელი

კითხვა-მიგება მარკოზ ეფესელისა, რომლის ზედწერილია “ლატინოს”, ანუ “მრწამსის” დანამატის შესახებ”

ლათინელი: მიკვირს, რომ გვკიცხავთ ჩვენ “მრწამსის” შევსების გამო, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო კრებამ პირველი კრების მთელი მრწამსი შეცვალა, როდესაც დამატებები შესძინა მას და როდესაც მეტი სიცხადისათვის გაზარდა კიდეც და განავრცო იგი. ასე რომ, სიტყვიერი ცვლილება არაფერს ავნებს მათ, რომლებიც ზედმიწევნით იცავენ დოგმატებს.

ბერძენი: ვაღიარებთ, რომ ასეა და ვიცით, რომ მეორე კრების “მრწამსი” წარმოადგენს პირველის სიტყვიერ ცვლილებას, თუმცა ამით იმას როდი ვამბობთ, რომ ხსენებულ მამათა მსგავსად, თქვენც გაქვთ უფლება შეცვალოთ “მრწამსი”.

ლათინელი: რატომ?

ბერძენი: უპირველსად, იმიტომ, რომ ის კრებები მსოფლიო კრებები იყო, ხოლო შენი შემატება ამგვარი არ არის, თუმცა დიდად იქადი პაპით და მისი პირველობით. გარდა ამისა, მაშინ შეიძლებოდა შემატება, რადგანაც ჯერ კიდევ არ იყო ეს აკრძალული, ხოლო შენ, რომელიც აკრძალვის შემდეგ ბედავ სიტყვის დართვას, თანამდები ხარ მამათა მიერ აღმოთქმული წყევლისა.